skip to content
ახალი ამბები

ახალი უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება

საქართველოს პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

ცვლილებების პროექტი 17 დეკემბერს მას შემდეგ მომზადდა, რაც წინა დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე ფუნქციონირება შეწყვიტა.

  • ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 1996 წელს ჩამოყალიბდა. კონსტიტუციაში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად, მისი უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2013 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა.
  • სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების გეგმის ფარგლებში, 2017 წლის დეკემბერში გაუქმდა.

რვაწევრიან სათათბირო ორგანოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მუდმივ წევრებს შორის ასევე იქნებიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბჭო სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით აღიჭურვება. მას უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად პრემიერ-მინისტრის ინფორმირების უზრუნველყოფაც ევალება.

დოკუმენტის თანახმად, საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს საბჭოს მდივნის ფუნქცია ეკისრება. საბჭოს ასევე ეყოლება აპარატი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის შემადგენლობაში იქნება და „პოლიტიკურად ნეიტრალური“ უფროსი ეყოლება.

ცვლილებების პროექტმა ორი საკომიტეტო მოსმენა უკვე გაიარა და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის, სავარაუდოდ, 2019 წლის თებერვალში გავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button