ახალი ამბები

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა

Tags

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი, რომელიც 24-25 აპრილს საქართველოს სტუმრობს, გუშინ საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილა.

სერბ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ყურადღება თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ზალკალიანმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „პოზიტიურად და დინამიურად“ ვითარდება და რომ ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა ამის კიდევ ერთი დასტურია.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში „ღია საკითხები“ არ არსებობს. მისი თქმით, სერბეთს „მტკიცე და პრინციპული პოზიცია აქვს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით“.

დაჩიჩმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები, რომლის ბრუნვაც მხოლოდ 7 მილიონ ევროს შეადგენს, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მრავალფეროვანი გახდეს და რომ მხარეები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას განიხილავენ. მისი თქმით, საქართველო, სამოქალაქო სამსახურის განვითარების კუთხით სერბეთისთვის, შესაძლოა, კარგი მაგალითი იყოს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ორ მხარეს „პარტნიორობა, მეგობრობა და სიყვარული“ აკავშირებთ და რომ ამ მეგობრობას მოვლა სჭირდება, რადგანაც ხშირად ადამიანები „მეტ ყურადღებას მტრებს უფრო აქცევენ, ვიდრე მეგობრებს“. დაჩიჩის თქმით, მისი ვიზიტი სწორედ საქმის ამ მდგომარეობის შეცვლას ემსახურება. მან იმედი გამოთქვა, რომ ბელგრადსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდება და ხუმრობით დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ბელგრადში ქართული რესტორნის გახსნას.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, დაჩიჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ სერბეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

თავის მხრივ, საქართველოს სერბეთის მიმართ მხარდაჭერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

ზურაბიშვილმა დაჩიჩს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის, ასევე ბოლოდროინდელი გატაცებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საოკუპაციო ხაზზე სტუმრობა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა შესთავაზა.

მოგვიანებით ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრაზე მან დაჩიჩს „საქართველოს საკითხის რუსეთთან ორმხრივ შეხვედრებზე დაყენება და მოსკოვისთვის მისი ვალდებულებების შეხსენება“ სთხოვა.

თბილისში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. მინისტრმა დაჩიჩმა ბახტაძე სერბეთში მიიწვია.

ამავე თემაზე:

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button