ახალი ამბები

საქართველოს და ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი


მიხეილ ჯანელიძე და იგორ ცრნადაკი, 5 მარტი, 2018. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, 5 მარტს თავის კოლეგას, იგორ ცრნადაკს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ორ სამინისტროს შორის უფრო ახლო თანამშრლომლობას ითვალისწინებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი „ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის დაცვით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას.“

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ვიზიტი „ჩვენი მაღალი დონის ურთიერთობების გაგრძელებაა“. „მოხარული ვართ, რომ წინ მივიწევთ ორ ქვეყანას შორის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებისკენ; მემორანდუმის ხელმოწერა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

5 მარტს, მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრს, ბაქირ იზეტბეგოვიჩს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოსნია-ჰერცეგოვინადან ჯანელიძე ბელგრადში გაემგზავრება, სადაც სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს,  პრემიერ-მინისტრს ანა ბრნაბიჩს,  საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს და ევროინტეგრაციის მინისტრს იადრანკა იოკსიმოვიჩს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ორი თვით ადრე ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ რესპუბლიკა სრპსკას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა, რასაც თბილისის დიპლომატიური პროტესტი და ბოსნიის მთავრობის უარყოფითი რეაგირება მოყვა.

მსგავსი/Related

Back to top button