skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული, რვაწევრიანი დელეგაცია 15-17 აპრილს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სტუმრობს.

დელეგაციას კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე დევიდ პრაისი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან: თანათავმჯდომარე კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი (რესპუბლიკელი– ფლორიდა), კონგრესის წევრი დინა ტიტუსი (დემოკრატი-ნევადა), კონგრესმენი მაიკლ კონევეი (რესპუბლიკელი-ტეხასი), კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია), კონგრესმენი ადრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), კონგრესის წევრი ბარბარა ლი (დემოკრატი-კალიფორნია) და კონგრესის წევრი ტერი სიუელი (დემოკრატი-ალაბამა).

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს, დელეგაცია „საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს“ განიხილავს, ასევე „იმ საკითხებს გაეცნობა, რომლებიც უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით, სახელმწიფო მართვაზე ახდენენ გავლენას“.

კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის პალატა და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. ეს მათი მერვე ვიზიტია საქართველოში.

განცხადებები პრესისთვის

16 აპრილს, დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებთან – პრაისთან და ბიუქენანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა“.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება და შეგვიძლია დაბეჯითებით და სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორიც არის დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობა ემყარება არა მარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან სტაბილურობით და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ დამოუკიდებელი არჩევანი საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა მანვე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს და წარმომადგენელთა პალატას „დემოკრატიისკენ საერთო მისწრაფებები აქვთ, ისეთი დემოკრატიისკენ, რომელიც მუშაობს, არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არამედ დემოკრატიისკენ, რომელიც არჩევნებს შორის პერიოდშიც მუშაობს“.

კონგრესმენის განცხადებით, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით „კიდევ უფრო ნათელი გახდა“, რომ პარლამენტი „მმართველობის პირველი შტოა“ საქართველოში და რომ ის ასევე პირველია ხალხთან კომუნიკაციის და მათი მისწრაფებების, იმედებისა და ოცნებების პოლიტიკაში გატარების თვალსაზრისით.

„ამ დღეებში აშშ-ის კონგრესში უამრავი დებატი გაიმართა, მაგრამ უდავოა ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი, ასევე ჩვენი აღტაცება საქართველოსა და მისი ბრძოლის მიმართ, რომ დაამყაროს საპარლამენტო დემოკრატია“, – დასძინა მან.

დღეს კონგრესის დელეგაცია საპარლამენტო ფრაქციებთან და კომიტეტებთან განაგრძობს შეხვედრებს. ხვალ კი დელეგაციის წევრები მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ხორციელდება. დელეგაცია საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, საიდანაც სომხეთსა და მოლდოვაში გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button