Placeholder canvas
ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სასულირო პირები დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ „ერთ მუშტად შეკრა ქართველი ერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. „მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რომლისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი“, – დასძინა მანვე.

პრემიერის სიტყვები გაიმეორა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ტრაგედიამ ქართველი ერი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეის გარშემო გააერთიანა. „ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დაუსრულებელი ამოცანა იყოს ევროპის და ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, „ეს დღე ერთდროულად არის ტრაგიკული დღე, იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს არის დღე ერთიანობის, მთელი საზოგადოების გაერთიანების, ჩვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პერსონალური თავისუფლების გარშემო და ასეთ დღედ უნდა დარჩეს“.

9 აპრილის მემორიალთან დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან ადგილი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ 9 აპრილს დაღუპულებს პატივი სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში მიაგეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „[ჩვენ] არ დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც 30 წლის წინ მოკლა კრემლის სადამსჯელო მანქანამ. ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, დაფიქსირება, რომ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა“. მისივე შეფასებით, 9 აპრლის არის არა მარტო გლოვის დღე, არამედ „გამარჯვებისა და თავისუფლების“ დღეც არის.

1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის ეროვნული ტრაგედიის დღეა, თუმცა ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც უკავშირდება. ქვეყნის უზენაესმა საბჭომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს (1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე დაყრდნობით) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button