ახალი ამბები

საერთაშორისო საზოგადოება 9 აპრილის წლისთავს ეხმიანება

საქართველო დღეს 35 წლის წინ, საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს იხსენებს.

1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა. 1991 წელს, იმავე დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.

„სამოქალაქო საქართველო“ 9 აპრილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გთავაზობთ.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა.  ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო.  ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა“.

აშშ-ის საელჩო საქართველოში:9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია“.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: „დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის“.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში: „საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია.  საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“.

უკრაინის საელჩო საქართველოში: „9 აპრილი არის თარიღი, რომელიც იქცა თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს ყოფილი სსრკ-ს ჯარებმა ჩაახშო თავისუფლებისთვის ქართველების მშვიდობიანი დემონსტრაციები. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. 35 წლის შემდეგ, ამ ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი ნატოსკენ“.

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „დღეს ჩვენ ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და იტანჯებოდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით … ისევე როგორც ჩვენ გერმანიაში. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის მუდმივი ვალდებულებაა“. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ გამბედაობას და მსხვერპლს, ვინც 1989 წელს წინ აღუდგა საბჭოთა ტერორს და აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუბა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button