ახალი ამბები

საქართველო 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებს

საქართველო დღეს 35 წლის წინ, საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს იხსენებს.

1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი დაშავდა.

1991 წელს, იმავე დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე ოპოზიციის ლიდერებმა, უცხოელმა დიპლომატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ასევე პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, განაცხადა: „დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის  მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას“.

პრეზიდენტმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველების წარსულ და ახლანდელ ბრძოლებს შორის პარალელი გაავლო და ხაზგასმით აღნიშნა: „ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი. ვერავინ დღეს და ხვალ და ზეგ საქართველოში, ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს ვერასოდეს… მთავარია, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა – გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს. არჩევანი საქართველოსთვის ეს არის – ან დამოუკიდებლობა, ან დამონება; ან ევროპა, ან რუსეთი. და ჩვენ ვიცით რა გვინდა“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვეთებით, შემართებით და სიყვარულით, და ამასთან დაგვაფიქრებს კიდეც, გვასწავლის და გვაფრთხილებს. 9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ“.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა: „9 აპრილი ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეორე მხრივ, ეს დღე არის ერის გამოღვიძების,  ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ამ ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა… ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ“.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ოპოზიციის ლიდერებმაც მიაგეს პატივი.

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“: „დღევანდელი დღე არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, არის გამარჯვების დღეც. 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენ ვნახეთ თავისუფლებისთვის ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა, მაგრამ 1991 წელს ამ თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით…  ცხადია, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს წნეხისგან, რომელსაც ყოველთვის განვიცდიდით ამ წლების განმავლობაში ჩრდილოეთ მეზობლის, რუსეთის მხრიდან”.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „უახლოეს ისტორიაში ეს უმძიმესი  დღეა, მაგრამ… იმედის მომცემი, განსაკუთრებით მაშინ არის იმედის მომცემი, როცა  ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის, გამთლიანების იმედი გვაქვს. მაშინ როდესაც გვერევა მტერი ვინ არის და მოყვარე ვინ არის მაშინ რა თქმა უნდა,  ცოტა სევდიანი დღეებია, მაგრამ ვფიქრობ 35 წელი გავიდა და ქართველებს ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს დასასრულებელი გვაქვს“.

გიგი წერეთელი, „ევროპული საქართველო“: „დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მძიმე და საამაყო დღის კონსოლიდაციამ აჩვენა რომ არავითარი ძალა არ არსებობს, თუკი ხალხის გადაწყვეტილებაა, თუკი ერში არის მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button