ძველი ამბები

1920 წელი: საფეხბურთო შეჯიბრება ქუთაისისა და სენაკის გუნდებს შორის

ჟურნალი „შევარდენი“, N2, 26 მაისი, 1920 წ.

ნ. დარახველიძე

ქუთაისის „შევარდენი“-ს ფეხბურთელი

ფეხბურთელთა შეჯიბრება ახალსენაკში

ქართველ ხალხმა კარგად იცის რა მნიშვნელობაც აქვს ერისათვის ყოველგვარ სპორტს. მაგრამ მე მაინც მოკლედ მინდა ავღნიშნო მისი მნიშვნელობა. სპორტი არის ჯანმთელობის და ვაჟკაცობის სიმბოლო. ის ქმნის ვაჟკაცობის იმ სისწრაფეს, რომელსაც მოკლებულია ყველა ის, ვინც ფიზიკურათ სუსტი და უძლურია სპორტის ერთი დარგი არის „ფუტბოლი“ ანუ „ფეხბურთი“, რომელმაც ამ უკანასკნელ დროში საგრძობლათ გაიდგა ფესვები საქართველოშ. ამის დამამტკიცებელია ყველა ის შეჯიბრებები, რომელნიც ხდება ამ უკანასკვნელ ხანებში საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში; უკვე არსებობს რამოდენიმე გაწვრთნილი გუნდი როგორიც არის, მაგალითად, თფილისის „შევარდენი“-ს ფეხბურთელთა I გუნდი, „26 მაისის“-ს ფეხბურთელთა გუნდი, ქუთაისის „შევარდენის“-ს  ფეხბურთელთა I გუნდი, სენაკის, ფოთის და სხვა. ამ გუნდებს შორის დრო გამოშვებით ხდება შეჯიბრებები. სხვათა შორის ასეთი შეჯიბრება მოხდა ქუთაისის ტან-სავაჯიშო საზოგადოება „შევარდენი“-ს ფეხბურთელთა I გუნდის და სენაკის ფეხბურთელთა შორის. ეს შეჯიბრება გაიმართა 25 აპრილს ქალაქ ახალსენაკში. შეჯიბრება დაიწყო, 4 ½ საათზე სადგურთა ახლო მიქელაძის მშვენიერ ეზოში, მაგრამ შეიჯბრება ძალიან ცუდად ჩატარდა სხვა და სხვა მიზეზების გამო.

უპირველესი მიზეზი იყო აუტანელი ქარი, რომელმაც იმ დღეებში სენაკში სახლებიც კი და[ა[ნგრია და რასაკვირველია ფეხბურთელებს ეს ქარი თამაშის საშუალებას არ აძლევდა. როგორც კი გაკრავდენ ფეხს ბურთს, უკანასკნელი ქარს გადაჰქონდა რამოდენიმე ათი და ოცი საჟენით სულ სხვა ეზოებში. თითქმის ათჯერ-თუთხმეტჯერ ბურთი გადაჰქონდა ქარს სულ სხვა მხრივ და შესაძლებელია, რომ ესეც იყო მიზეზი, რომ გულმოსული მოთამაშენი ერთი მეორისადმი უტაქტობასაც იჩენდენ. ორივე გუნდი როგორც ქუთაისის ისე სენაკის გრძნობდენ რომ შეჯიბრება არ შეიძლებოდა ქარის გამო, მაგრამ როგორც მიღებულია საერთოთ, იძულებული იყვნენ ეთამაშათ 15 წამი. მაინც ეხლა მე მინდა შევეხო იმ შეხვედრის წესს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ტრადიციას ამა თუ იმ წრის ან ჯგუფისას. ტრადიცია საერთოთ კავშირს, აერთებს ერთ ჯგუფს მეორესთან, ახნობს ურთიერთ შორის ყოველივე წესებს და ეს ტრადიცია ყოველთვის გატარებული უნდა იყოს ყველა ჯგუფების მიერ. ამ შემთხვევაში სენაკელები ჯერჯერობით ვერ შეთვისებიან აგვარ ტრადიციებს, ვინაიდან მათ შეხვედრაში, სწორეთ რომ ვსთქვათ არ შეხვედრაში სრულიად არა სჩანს შევარდნული წესრიგი, შევარდნულ იდეების შეთვისება და მომავალში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდება.

Tags
Show More

Related Articles

Back to top button