მოსაზრებაწერილები

ზურაბიშვილი: ხვალინდელ ევროპას ყველა ვჭირდებით – ბრიტანეთიც და საქართველოც

Tags

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტატია თავდაპირველად გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნდა.

ევროპა კრიზისს განიცდის. და მიუხედავად ამისა, საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი შეუპოვარი და მოწადინებული თავისი ევროპული მომავლის შესახებ, როგორც ახლა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის მოქალაქეები საკუთარ ხედვას ევროპის მომავლის შესახებ მაისში დაგეგმილ არჩევნებზე განსაზღვრავენ, საქართველოს მოქალაქეებმა ეს გზა უკვე გაიარეს. საქართველოს პრეზიდენტად [2018 წლის 28 ნოემბერს] ჩემი არჩევით, ქართველებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი, რომ მოდური ევრო-სკეპტიციზმის ტალღის წინააღმდეგ წასულიყვნენ. არჩევნებში ჩემი გამარჯვება იმ კამპანიის გამართლება იყო, რომელიც ევროპული დროშის ფონზე მიმდინარეობდა და რომლის ერთადერთი მიზანიც ევროპაში შესვლა იყო.

საქართველო პარადოქსია: ქვეყანა, რომელიც ევროპის კიდეზეა განთავსებული ევროპაზე ოცნებობს მაშინ, როდესაც ევროპელებს ამაში ეჭვი შეაქვთ.

შესაძლოა, საქართველო არ ზომავს ევროპული პოლიტიკის ყოველდღიურ სირთულეებს, კომპრომისებს, ნელ პროგრესს და იმ პროდუქტიული კრიზისების თანმიმდევრობას, რამაც ევროპული სისტემა შექმნა.

მაგრამ გარკვეულწილად, დისტანციის შენარჩუნების უნარი ნამდვილად საქართველოს სიძლიერეა. საქართველო ევროპას გარედან უყურებს. ქვეყანა, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, მოქცეულია ჩრდილოეთიდან რუსეთს, სამხრეთიდან თურქეთს და აღმოსავლეთიდან ირანს შორის [სომხეთთან უშუალო საზღვრით], ჩვენ ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაზე მეტად შეგვიძლია ალტერნატიული პოლიტიკური მოდელების შედარება, როდესაც მათ არ ვემორჩილებით. ქართველი ხალხის ნება მკაფიოა: უკვე წლებია ქართველების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმ ხარისხითაც კი, რომ ევროპული პერსპექტივა კონსტიტუციითაა დაცული.

სავარაუდო ევროპული იდენტობა

ევროპული არჩევანის გაკეთება მარტივია. ევროპა თავისუფლების სინონიმია: საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის ქვეშ ყოფნის 70 წლის და დემოკრატიული პროგრესის 30 წლის შემდეგ, ჩვენ ევროპული მისწრაფება ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის განუყოფელი ნაწილია.

ევროპა ჩვენ საერთო კულტურას წარმოადგენს: ოქროს საწმისის ქვეყანა, ქრისტიანობის საყრდენი მეხუთე საუკუნიდან, მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანი – ჩვენი ევროპული იდენტობა ცალსახაა.

ჩვენი ღირებულებები იგივეა რაც ევროპის ღირებულებები, რომელთა შორისაა ქართული ტოლერანტობა – რომელიც საუკუნეების მანძილზე ანტი-სემიტიზმის გამოხატვის გარეშე ებრაელების თბილი მიღებით აღინიშნებოდა – და რომლის შეტანასაც იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში ვგეგმავთ.
უპირველეს ყოვლისა, ევროპა როგორც პროგრესს, ისე დაცვას უზრუნველყოფს. მსვლელობას ევროპისკენ ჩვენთვის კონკრეტული გაუმჯობესება მოაქვს, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ დამძიმებულია საბჭოთა მემკვიდრეობით: ევროპული ბაზრის გახსნა ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს გვთავაზობს, ერასმუსის პროგრამებში მონაწილეობა ჩვენ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ეხმარება, ევროპული რეგულაციების შემოღება იცავს ჩვენს მომხმარებლებს მათი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წინაშე არსებული რისკებისგან.

ევროპასთან დაახლოებაც დაცვის ფაქტორია: სწორედ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა შეაჩერა რუსეთი შემოჭრისგან 2008 წელს, რაც დიპლომატიური მობილიზაციის გარეშე, შესაძლოა თბილისის დაცემით დასრულებულიყო; სწორედ ევროპა იყო, რომელმაც სტაბილიზაციის მისიის მობილიზება მოახდინა, რათა ხელი შეეშალა რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის შემდგომი ანექსიისთვის, რომლის 20% რუსული არმიის მიერაა ოკუპირებული.

და მაინც, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და ამის მიზეზი გაფართოების საზღვრების პრობლემაა. ვინაიდან გვინდა, რომ ევროპის მშენებლობა წარმატებული იყოს, ვიცით, რომ ნებისმიერი ახალი გაფართოება მხოლოდ ევროპელი ხალხის სრული თანხმობით უნდა განხორციელდეს.

სწორედ ამიტომ უნდა დავაღწიოთ თავი იმ ორმაგ ხაფანგს, რომელშიც გაფართოების ამჟამინდელმა პოლიტიკამ მოგვამწყვდია. ეს ევროპის შიგნით ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს, რადგანაც ხელშესახები საზღვრების და ერთიანობის სურვილს ეწინააღმდეგება. პირიქით, ის იმედგაცრუების რისკს ქმნის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ევროპით მოხიბლულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

პრეზიდენტ მაკრონის „მისასალმებელი“ ინიციატივა

ბრექსიტიც გაფართოების კრიზისს წარმოადგენს, რომელიც თავის დროზე გენერალმა დე გოლმაც განიცადა. ეს ევროპის უუნარობას ავლენს, რომ 28-მდე გაიზარდოს იმ გზით, როგორც ის 6-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა [რომელიც მან ევროპის მოქალაქეებისადმი 5 მარტის მიმართვაში გააჟღერა] მისასალმებელია იმ კუთხით, რომ ის დებატების შესაძლებლობას იძლევა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ახლადჩამოყალიბებული ევროპა. ხელახლა დასაბადებლად, ევროპა ერთგვაროვნების ლოგიკას უნდა გასცდეს და უფრო ფართო ევროპაში რამდენიმე დამატებითი დაჯგუფების წარმოშობაზე დათანხმდეს. იმისათვის, რომ 21-ე საუკუნის კონტინენტალურ სახელმწიფოებს დაუპირისპირდეს, ევროპა უნდა გაერთიანდეს და არა დაიყოს.

ხვალ ევროპას ჩვენ ყველანი დავჭირდებით: დაწყებული დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დემოკრატიის საყრდენიდან და დამთავრებული ტოლერანტობის აკვნით, როგორიც პატარა საქართველოა.

ამ დებატებში, საქართველოს სურვილია, რომ ახალი ევროპის ლაბორატორია გახდეს. ხვალ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნის გარეშე, გვინდა, რომ ახალი სტატუსის შექმნაზე ვიფიქროთ, რომელიც საქართველოს მეტ ევროპას შესთავაზებს და დიდ ევროპას ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიასა და ჩვენ საერთო ჰუმანურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

ბათუმის პორტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილის აღნიშვნა ევროპული არჩევნების შემდეგ და პრეზიდენტ მაკრონის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრამდე „კონფერენცია ევროპისთვის“ გაიმართება. საქართველო აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ რენესანსში იმით, რომ წვლილს შეიტანს ევროპის განსაზღვრაში, რომელიც იცავს, გარიცხვის გარეშე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button