ახალი ამბები

ნატოს, აშშ-ის ოფიციალური პირები შავის ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

Tags

რუსული აგრესიის წინააღმდეგ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაგრძელების გზები, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც ვაშინგტონში 3-4 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში, ქეი ბეილი ჰატჩისონმა 1 აპრილს განაცხადა.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში და მის გარშემო ცხოვრობენ უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა მან „შავი ზღვის ინიციატივის“ შესახებ საუბრისას, რომელიც რუსეთის შეკავებას, ასევე მის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის შეჩერებას ისახავს მიზნად.

„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია, რომელთან ერთადაც გვსურს მუშაობა რუსეთის შემდგომი შემოჭრისგან დასაცავად“, – განაცხადა ჰატჩისონმა.

2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას ჰატჩისონმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივა გულისხმობს საჰაერო დაზვერვას, ასევე ნატოს მეტ ხომალდებს შავ ზღვაში, რაც უზრუნველყოფს უკრაინული ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში.

მისივე თქმით, ძალიან შავი ზღვის გარშემო მყოფი ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ „მეტი ყურადღება დავუთმოთ იმის უზრუნველყოფას, რომ ეს წყლები უსაფრთხოა და რომ შავ ზღვასა და მის გარშემო მდებარე ქვეყნები რუსული ჩარევისგან უსაფრთხოდ იქნებიან“.

ჰატჩისონმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმში თავდაცვითი შეიარაღების განთავსების ფონზე, „ძალიან მნიშვნელოვანია“, რომ უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველო უსაფრთხოდ იყვნენ შავი ზღვის რეგიონში როგორც ხომალდების, ისე მათი სახმელეთო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ორშაბათს მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც შეეხო, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატომ „გაზარდა თავისი ყოფნა შავ ზღვაზე მეტი საზღვაო ძალებით, ნატოს საზღვაო ჯგუფებით, რომლებიც სწავლებებში მონაწილეობენ, ასევე სხვადასხვა საპორტო ვიზიტებით“, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში.

„ჩვენ წარმოდგენილები ვართ შავ ზღვაზე, ჩვენ იქ ვსაქმიანობთ, და მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას და განსაკუთრებით, რუსეთს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა მან.

ნატოს ხომალდების გაფართოებული როტაციის ფარგლებში, ალიანსის მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი 1 აპრილს ოთხდღიანი საპორტო ვიზიტით ფოთის პორტში შემოვიდა.

ვაშინგტონი ნატოს 70 წლის იუბილეს მასპინძლობს, რა დროსაც მსოფლიო ლიდერები 3-4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იკრიბებიან.

მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიიღებს მონაწილეობას. იგი სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button