skip to content
რესპუბლიკის ამბები

გიორგი ლეონიძე იოსებ გრიშაშვილს “სხვათა რითმებზე ნადირობაში” ადანაშაულებს

(„საქართველო“, N75, აპრილის 9, 1920 წ.)

ერთი მგოსნის საყურადღებოდ

ჩემს ბიბლიოგრაფიულ შენიშვნაში „შვილდოსნის“ შესახებ გაკვრით და სხვათა შორის ნახსენები იყო გრიშაშვილი შემდეგი ფრაზით: „გრიშაშვილი ეხლაც განაგრძობს სხვის რითმებზე ნადირობას“…

ა, შენიშვნას ძალიან გაუბრაზებია ეს მგოსანი და „სახალხო გაზეთში“ ღია წერილით მიჰმართავს ჩვენს რედაქციას განმარტებისთვის.

ჩემთვის გაუგებარია ასე გვიანი გაბრაზება გრიშაშვილის, თითქოს პირველი შემთხვევა იყოს, რომ გრიშაშვილზე ასე სწერენ.

მან უპასუხოდ დასტოვა, როცა საბუთებით და კონკრეტულად მას ბრალი დასდეს და კიდევაც დაუმტკიცეს რითმების და სახეების შეგნებული მითვისება ტიციან ტაბიძემ (იმავე „საქართველოში“), ვალერიან გაფრინდაშვილმა („შვილდოსანში“) და უფრო ადრე გრიგოლ რობაქიძემ. ჩემის მხრივ ამ ისტორიას უნდა დაუმატო, რომ გრიშაშვილის რითმების და სახეების ნადირობის ზნე წინედაც სჭირდა, რისთვისაც ერთხელ სანდრო შანშიაშვილისგან, მთელი პოემის გადაღების გამო, ხელით შეურაცხყოფაც კი მიიღო.

შემდეგ ისევ თამამად განაგრძობდა ნადირობას (გაიხსენეთ „ტალღების კონცერტზე“ ჰეინედამ, „იცი ოლ-ოლ!“ გოეტეს „ვერტერიდან“ – სიტყვა-სიტყვით, „სონეტი მარიჯანს“ გაფრინდაშვილის სახეები, „ლოცვა სიონში“ მდიდარი რითმა ელენე დარიანის, რითმები მეგრელიშვილის, პაოლო იაშვილის „შეითანბაზრის“ წაღება და მისი სეირნობა ხელნაწერ მუხამბაზებში. სამწუხაროდ, საგაზეთო სასწრაფო წერილში შეუძლებელია მის გაფანტულ ლექსების შეგროვება და მათი გადათვალიერება ნიშნეულობით) ყველა ეს შეიძლება უბრალო მგოსანს ეპატიოს მაგრა არა „პირველ მგოსანს და რითმების ამირბარს“ ი. გრიშაშვილს.

საკმარისი იყო უკეთესი სახეები გამოჩენილიყო ქართულ პოეზიაში, რომ გრიშაშვილიც უფრო დაგეშილიყო, განსაკუთრებით როცა მან „ყარაჩოღულ სონეტების“ წერას მიჰყო ხელი.

თავის უკანასკნელ საკუთარ რითმებში კი მას ისეთი პროგრესი ეტყობა რომ სონეტში ხმარობს რითმად; „ცხელსა ფიცხლსააურაცხელსა“ მზისანი „ოქროსანი“ ჯარსა-აბჯარსა და სხ.

გრიშაშვილს ტყუილად ჰგონია რომ ასეთი აღელვებით თავს დაიძვრენს ხიფათისაგან. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ზრდილობა არ მოეთხოვება, იმას ვინც თავისთავს თვითონ უძახის „ავლაბრელ ოხერს“ მაგრამ ლიტერატურაში არავინ მისცემს მას ამის ბოროსანი ოქროტად გამოყენების უფლებას.

მე ბოდიშს ვიხდი ჩვენი რედაქციის წინაშე, რომ მას უხდება ასეთ შეკითხვებზე პასუხი მაგრამ მაშინ, რა ითქმის  „სახალხო საქმის“ რედაქციაზე, რომელიც ყოველ დღე სავსეა პამფლეტებით და რომელიც ჰბეჭდავს ისეთ წერილს როგორიც არის ი. გრიშაშვილის უკანასკნელი „ენის აღვირი“.

ქ. თბილისი.

5 აპრილი

გ. ლეონიძე

მსგავსი/Related

Back to top button