ძველი ამბები

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნას ულოცავენ

Tags

(„საქართველოს რესპუბლიკა“, N62, 19 მარტი, 1919 წ.)

ადერბაიჯანის მოლოცვა.

დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის სახელზე შემდეგი დეპეშა მოვიდა ადერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის ა. აღაევისაგან: „ადერბაიჯანის პარლამენტმა დღეს 12 მარტს საზეიმო სხდომაზე გამართულ რუსეთის დიდ რევოლიუციის მეორე წლის თავზე დამავალა მოვესალმო მეგობარ საქართველოს რესპუბლიკას საისტორიო დღით – დამფუძნებელ კრების გახსნით. საქართველომ, შეერთებულმა მიზანშეწონილ ლტოლვაში, ნაციონალურ მოლოდინთა განხორციელებაში, შეუდრეკლათ, მიუხედავათ ათასგვარ მსხვერპლისა, მიაღწია მას, რასაც ჯერაც ვერ მიხწევია არც ერთი თვითგამორკვეული ეროვნება. საქართველოს ერის მიერ ამნაირ არა ჩვეულებრივ ნების გამოსახვისთვის მოლოდინთა განხორციელების საქმეში შეადგენს საუკეთესო ფურცელს ერთა განთავისუფლების ისტორიაში. საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც მოწვეულია საქართველოს სახელმწიფო არსებობის საბოლოო ფორმის გამოსარკვევათ ეჭვს გარეშეა, იქნება კავკასიის დანარჩენ ერების მოლოდინთა გამომხატველი, რომ მხოლოთ ნაციონალურ-ტერიტორიალურ დამოუკიდებლობაში ხედავენ თვის ნაციონალურ ბედნიერებას. სულიერათ აღფრთოვანებული წრფელი სიყვარულით და ერთა უფლებათა პატივისცემით დამოუკიდებელი სახელმწიფონი ამიერ კავკასიისა შესძლებენ უმტკივნეულოთ გადასწყვიტონ ყოველგვარი შინაური საკითხები როგორი მწვავენიც არ უნდა იყვნენ ისინი. ადერბაიჯანის პარლამენტი უძღვნის მხურვალე სურვილებს საქართველოს კეთილდღეობისათვის, მის საუკეთესო შვილების სახით, რომელნიც მოწვეულ არიან მრავალი რთული სახელმწიფოებრივ საკითხთა გადასაწყვეტათ და ღრმათ დარწმუნებულია იგი, რომ კავკასიის ერთა ოჯახი შესძლებს ერთხელ და სამუდამოთ ღირსეულათ დაიცვას საყვარელი კავკასია ყოველგვარ ბნელ ძალათა გამოლაშქრებისაგან.

სომხეთის მოლოცვა.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისაგან საქართველოს დამფუძნებელ კრების სახელმზე შემდეგი დეპეშა მოვიდა:

“დღევანდელ საისტორიო დღეს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ერი მედგრათ აცხადებს თავის ნებას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა უძღვნის სუვერენულ დამფუძნებელ კრებას თვის გულწრფელ სალამს. დეე, ზეიმითა და სიხარულით იქუხოს საერთო ხმამ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოისამ ასრე მახლობელმა უხსოვარ დროიდან სომხეთის მეზობლისამ. და, დეე, განმტკიცდეს სამარადისო ძვირფასი და შეურყეველი კავშირი საქართველოსა და სომხეთს შორის, რომელთა ბედიცა და ძალაც ასე განუყრელათ გადაჭდლი არიან ერთმანეთში. სომხეთის მთავრობას ღრმათა სწამს, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრება შემოიკრებს თვის გარშემო ქვეყნის ცოცხალ ძალებს და მთლიანათ გაატარებს ცხოვრებაში უმაღლეს მის ნებას თვის კუთხეში მოსახლე ერთა და ტომთა საკეთილდღეოთ და საბედნიეროთ. გაუმარჯოს მის დამფუძნებელ კრებას.

Related Articles

Back to top button