Placeholder canvas
ახალი ამბები

ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ კრწანისის სასწავლო ცენტრში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარი ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი უახლოეს საათებში წარედგინებათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი, საქალაქო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

მომხდარს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტში „არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის“.

„ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, სულ რაღაც ერთ დღეში მყისიერად ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაული ჩადენაში მიუძღვის ბრალი“,  – განმარტა მან.

კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულისთვის ფულის გამოძალვისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე 11 მარტს გავიდა. „რუსთავი 2“-თან საუბარში 19 წლის ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი ამბობდა, რომ მას ღამის 2 საათზე დაურეკეს და ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ერთ-ერთი სერჟანტის თვალწინ ხდებოდა.

მაშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილი „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებდა, რომ საქმეზე ახალწვეულის მიერ დასახელებული სერჟანტი გამოიკითხა, რომელმაც წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button