ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა

პლენარული სხდომები

  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ კანონპროექტი

 19 თებერვალს პარლამენტის პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა.

დეპუტატებმა განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტს.

კანონპროექტი სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი უხელმძღვანელებს და მისი სათათბირო ორგანო იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭოს ეყოლება მდივანი, რომლის უფლებამოსილებაც პრემიერის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს დაეკისრება. უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტი წარმოდგენილი არ იქნება.

დეპუტატების უმრავლესობის კითხვები სწორედ საბჭოს მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას უკავშირდებოდა. ისინი დაინტერესდნენ, თუ რატომ არ არის წარმოდგენილი ქვეყნის მთავარსარდალი ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სათათბირო ორგანოში, როგორიც უსაფრთხოების საბჭოა. დეპუტატების საპასუხოდ, კანონპროექტის მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, პრეზიდენტს საბჭოსგან სრული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ექნება. ასევე, პრემიერს მუდმივი წევრების გარდა, სხვა პირების მოწვევაც შეეძლება, მათ შორის იქნება პრეზიდენტიც.

  • მინისტრის საათი

20 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს.

საკანონმდებლო ორგანოში მაია ცქიტიშვილმა უწყების 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სტრატეგიის მთავარი პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდაა, რაზეც სამინისტროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრმა უწყების მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 2 მლრდ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

დეპუტატების უმრავლესობამ მინისტრის გამოსვლა დადებითად შეაფასა. TBC ბანკის გარშემო განვითარებულიმოვლენების ფონზე, კანონმდებლების კითხვების დიდი ნაწილი სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება სწორედ TBC ჰოლდინგს აქვს, მისი მფლობელი კი მამუკა ხაზარაძეა. დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, სახელმწიფოს მხრიდან პორტის მშენებლობას „საფრთხე არ ემუქრება“.

  • ბესელიას ინიციატივა

21 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომელიც 2025 წლამდე სასამართლოს პირველ ორ ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ეხებოდა.

საკითხის განხილვა უმრავლესობის დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის „არაკონსტიტუციურობაზე“ მიუთითებდა . მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მან კანონპროექტის ინიციატორები „ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირშიც“ დაადანაშაულა. ამას დეპუტატ ეკა ბესელიას მწვავე პასუხი მოჰყვა. მან ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

საბოლოოდ, ეკა ბესელიას ინიცირებულ კანოპროექტს მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

  • ნაციონალური მოძრაობის მმართველობის „სააკაშვილბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადების შესახებ რეზოლუცია

21 თებერვალს, პარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, ექვსი თვის ვადაში ამ რეჟიმის ყველა მთავარი ფიგურანტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე, იმ დროს „რეზონანსული საქმეების“ ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯას ითვალისწინებდა. კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი წინააღმდეგი წავიდა. არასაკმარისი ხმების გამო, პატრიოტების ინიციატივა ჩავარდა.

ქართულ ოცნებას დეპუტატები ტოვებენ

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, ინიციატივის ავტორებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა ქართული ოცნების დატოვების შესახებ განაცხადეს. 22 თებერვალს უმრავლესობიდან დემოკრატების დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილიც წავიდა. შედეგად ქართული ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

  • დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები

22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის ბექა ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობდა. დეპუტატებმა ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის რიგები დატოვა.

შეხვედრები

  • 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არადა ბენკოს შეხვდა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა.
  • 18 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-შვედეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
  • 19 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერაყის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალი მოჰან ალვანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
  • 19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესზე ისაუბრეს.
  • 20 თებერვალს ანრი ოხანაშვილი „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice – სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს ალეშ ზალარს შეხვდა. მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.
  • 20 თებერვალს „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice – სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს დეპუტატი ეკა ბესელიაც შეხვდა.
  • 21 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ გამახვილდა.
  • 21 თებერვალს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს.
  • 21 თებერვალს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსს ვინსენტ რეის შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
  • 21 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან ერთად დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს. იმავე ფორმატში შეხვედრა 22 თებერვალსაც გაიმართა.
  • 22 თებერვალს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერამარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე, საპენსიო რეფორმაზე და საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

ვიზიტები

  • 20 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გიოტმიოლერს, ამერიკელ კონგრესმენებს, ნატოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს და ალიანსის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევები, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტები იყო.
  • 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა. სოფიო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, 22 თებერვალს, ერევანში, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

1 წელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან

22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ერთი წლის წინ ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე დაკავებული და შემდგომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

1921 წლის 23 თებერვალი

რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის ეზოში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და დეპუტატების ნაწილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button