skip to content
ანალიზი

რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი?

28 იანვარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. უწყების განმარტებით, ახალი მოდელი სკოლის როლის გაძლიერებას, არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირებას, უნივერსიტეტის ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდას და მშობლისთვის ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობს.

გამოცდების ფორმატში ცვლილება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ჯერზე ცვლილება მხოლოდ სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს შეეხება, მეორე ეტაპზე კი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატიც შეიცვლება.

გამოცდების აქამდე მოქმედი ფორმატი

  • სასკოლო გამოცდები

სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ 2010 წელს მიიღო. გამოცდების აქამდე არსებული სისტემის მიხედვით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჯამში 8 საატესტატო გამოცდას აბარებდნენ. მათგან ოთხს მე-11 კლასის დასრულებისას, დანარჩენ ოთხს კი – დამამთავრებელი, მე-12 კლასის ბოლოს.

თუკი მოსწავლე მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაზე არ გამოცხადდებოდა, ან გამოცდას ვერ ჩააბარებდა, მას მე-12 კლასში იმავე გამოცდის გადაბარების უფლება ჰქონდა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოქმედი სისტემის მიხედვით, აბიტურიენტი სამ სავალდებულო (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ზოგადი უნარები) გამოცდას აბარებს. იმ შემთხვევაში კი, თუ უნივერსიტეტი ან კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა მეოთხე არჩევით საგანს მიუთითებს, აბიტურიენტი ამ გამოცდასაც აბარებს. არსებული მოდელი წელსაც უცვლელი რჩება.

თუკი კონკრეტული უნივერსიტეტი მეოთხე არჩევით გამოცდას არ ითხოვს და აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით გრანტის/სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება სურს, მას შეუძლია ნებისმიერი არჩევითი გამოცდა ჩააბაროს და შესაბამის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. სახელმწიფო გრანტის მოპოვების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.

გამოცდების ახალი ფორმატი

  • სასკოლოსაატესტატო გამოცდები

თავდაპირველად, სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, მიმდინარე წელს, სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის გაუქმდებოდა, მე-12 კლასელებისათვის საატესტატო გამოცდები კვლავ არსებული წესით ჩატარდებოდა. თუმცა, პირველ თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ გამოსაშვები გამოცდები წელსვე მე-12 კლასელებისთვისაც გაუქმდება.

სამ თებერვალს განათლების სამინსიტროში მოსწავლის მიერ ატესტატის აღების ახალი წესიც განმარტეს. იმისთვის, რომ მოსწავლემ ატესტატი აიღოს, მას ყველა საგანში დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც წინა წელს, ე.წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი მათ ყველა საგანში დადებითი შეფასება აქვთ.

ამასთან, კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი მათ ყველა საგანში დადებითი შეფასება – 5 ან მეტი ქულა აქვთ. ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, განათლების სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე წელს გამოცდების ფორმატის ცვლილება არ იგეგმება და მხოლოდ ის წესი შეიცვლება, რომლის მიხედვითაც ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას, ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტი გრანტის (სახელმწიფო დაფინანასება – 2 250 ლარი წელიწადში) მიღების შესაძლებლობას კარგავდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020-2021 სასწავლო წლიდან შევა. კერძოდ, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ის არჩევით გამოცდებში გადაინაცვლებს.

2020 წლიდან, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი კვლავ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებს, აქედან ორის (ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა) – ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით განისაზღვრება. ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში ეს მათემატიკა იქნება, ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში კი – ისტორია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განმარტებით, ცვლილების მიზანი ეროვნული გამოცდების საკითხებისა და სასკოლო პროგრამის ერთმანეთთან დაახლოებაა.

„არ შეიძლება სხვაობა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდის საკითხებსა და სკოლის საგნებს შორის. მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები. მთავარია სკოლას დაუბრუნდეს თავის ფუნქცია და მშობელს არ ჰქონდეს დიდი ხარჯი [რეპეტიტორის]“,- განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

სპეციალისტების შეფასებები

სამინისტროს გადაწყვეტილებას დარგის სპეციალისტების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილმა უწყების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი გამოცდების გაუქმების ინიციატივა დაიწუნა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემიის კონსულტანტი და პროფესორი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ „როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო: უსამართლო, საშინლად არახარჯთეფექტური, შემაფერხებელი სკოლის განვითარებისთვის, საზიანო უნივერსიტეტის განვითარებისთვის და მიზნების შეუსაბამო“.

„აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ის ცვლილებები რაც მოხდა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის ზრდის მოთხოვნის წახალისება. საჭიროა უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.“, – აცხადებს ის.

თითქმის იდენტური პოზიცია აქვს „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტის“ ხელმძღვანელს შალვა ტაბატაძესაც. მისი შეფასებით, „საატესტატო გამოცდების გაუქმება ცალსახად პოზიტიურია, რადგან არსებული მოდელი არაფრის მომცემი არ იყო არც განათლების, არც რაიმე ფუნქციისა და დანიშნულების თვალსაზრისით“. თუმცა, მისი განმარტებით, სავალდებულო გამოსაშვები გამოცდების ნაცვლად, შესაძლებელი იყო არჩევით გამოცდაზე მსჯელობა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმება სკოლისთვის გარკვეული როლის მინიჭებას ვერ უზრუნველყოფს და არც სასწავლო პროცესის სასწავლო გეგმასთან დაახლოების პერსპექტივას აჩენს.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, შალვა ტაბატაძის შეფასებით, ამ კუთხით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კონფიგურაცია დაუსაბუთებელია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „უნარების გამოცდაში ყველაზე მაღალი იყო დისპროპორცია შედეგებში“, ეს გაუქმების საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. „უფრო ლოგიკური იქნებოდა ინგლისური ენის სასერთიფიკატო გამოცდად გადაკეთება, ხოლო უნარების გამოცდის ფორმატისა და შინაარსის მკვეთრი ცვლილება“, – აცხადებს შალვა ტაბატაძე.

საგამოცდო სისტემის ახალ ფორმატს კრიტიკულად აფასებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი სასკოლო სისტემაში გვყავს ისეთი მასწავლებლების შესაბამისი რაოდენობა, ვინც სწავლების ყოველდღიურ პროცესს პატრონობს ისე, როგორც ეს საჭიროა და ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს არა რაღაც ალგორითმების ათვისებისკენ, არამედ ახალი მდგომარეობისკენ, ამ შემთხვევაში გამოცდა ზედმეტია.

„თუ არ გვყავს, ხომ არ შემობრუნდება ავადსახსენებელი 70-იანი წლები, როდესაც მისაღებ გამოცდაზე ატესტატების კონკურსი იქნა შემოღებული და ამან სკოლებში არნახული კორუფცია გააჩინა?“, – აცხადებს ის.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ზაზა ფირალიშვილის განმარტებით, ამ გამოცდის მიზანი „არა რაიმე ცოდნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევაა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს უელემენტარულესი მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და იაზრებს თუ არა წაკითხულ ტექსტს. ძირითადად ლაპარაკი სწორედ უნარებზეა და არა ცოდნაზე“.

„ნებისმიერ საგანში და, მათ შორის, ზოგად უნარებშიც რეპეტიტორის აუცილებლობას აჩენს არა გამოცდის არსებობა, არამედ ის, რომ სკოლამ, მშობლებმა და მოსწავლემ დააკლეს რაღაც. ეს ინსტიტუტი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა“, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, „მკვდრადშობილი „სტრუქტურული ცვლილებების“ პროექტები კარგს ვერაფერს მოგვცემს, თუ ძირეულად არ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება განათლების, როგორც ფენომენის მიმართ“.

ზოგადი უნარების გამოცდის არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადატანას უარყოფითად აფასებს განათლების ყოფილი მინისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია. მისი შეფასებით, „ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია“ და „უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება და ენების ტესტების შენარჩუნება სავალდებულოს სახით, სრულიად გაუმართლებელია“.

„უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის (ანუ რა ენაზეც ტესტი ტარდება) ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო „დემოკრატიულია“ იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება“, – აცხადებს გია ნოდია.

სამინისტროს პოზიცია

ცვლილების შედეგად სისტემაში კორუფციული ხვრელების გაჩენას გამორიცხავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) განმარტავენ, რომ ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, რისთვისაც ერთიანი ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევაც ჩატარდა.

„სისტემატურად იმართებოდა კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პროცესში ჩართულები იყვნენ საერთაშორისო დონის ექსპერტებიც“, – აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ „ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში Civil.ge-ს განუცხადეს, რომ გამოცდების სისტემის კვლევის შედეგები და ამ მიმართულებით შემუშავებული ცვლილებების პროცესში გამართულ კონსულტაციებში ჩართული სუბიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

როგორ იმუშავებს გამოცდების ახალი მოდელი და რა შედეგს გამოიღებს ის უახლოესი პრაქტიკა აჩვენებს. მანამდე კი, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სამინისტროს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ეს მათ ერთის მხრივ გამოცდებისგან გამოწვეული სტრესისგან გაათავისუფლებს, მეორეს მხრივ კი, მათთვის უფრო საინტერესო საგნებისათვის დროს მნიშვნელოვნად გამოუთავისუფლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button