ახალი ამბები

მმართველი გუნდი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, გარკვეულ პოზიციებზე შეჯერდა

ქართულმა ოცნებამ პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც განხილვის მთავარი თემა კვლავ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლოსთან დაკავშირებულ „ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო“ და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსულტაციების დაწყებისთვის მზად არის.

„უმრავლესობა უკვე მზად არის იმ სამუშაო ჯგუფში კონკრეტული სამუშაო პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა თავისი მიზანი შეასრულოს – შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები [მოსამართლეთა შერჩევის] კრიტერიუმებზე და პროცედურებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი „საკმაოდ მონაწილეობითი“ იქნება და მასში ჩართვა როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებსაც შეეძლებათ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით კი, მმართველი გუნდი შეეცდება, რომ „მოსამართლეთა შერჩევა იყოს გამჭირვალე, საზოგადოებისთვის მისაღები“. „ჩვენ შევძლებთ, რომ არ დავაზიანოთ სასამართლო დამოუკიდებლობის ინტერესი და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესი“ – აღნიშნა მან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ეკა ბესელიამაც ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა საკითხზე პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა, თუმცა გუნდი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდა.

„არის საკითხები, რომელშიც გვაქვს საერთო პოზიცია, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი რომელიც ჩემთვის პრინციპულია. ამიტომ, ის, რაც პრინციპულია და რასაც ვერ შევცვლით, დარჩება ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც პრინციპულ საკითხად და გავაგრძელებთ ამაზე დისკუსიას“, – განაცხადა მან.

ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს არა 10 კაციანი, არამედ უფრო შემადგენლობითი სია უნდა წარუდგინოს. მისივე მოსაზრებით, მოსამართლეთა კანდიდატურების სიაში ის მოსამართლეები არ უნდა მოხვდნენ, რომლებიც წლების წინ, პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული პირების საქმეების განხილვაში მონაწილეობდნენ და ასევე ის მოსამართლეები, რომლებსაც სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელებში დარღვევები დაუდგინდათ.

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით 27 იანვარს არის ჩანიშნული.

This post is also available in: Русский (რუსული)

Back to top button