ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა

Tags

ნატოს სამხედრო კომიტეტმა 16 იანვარს საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის დროს თავდაცვის რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის პროგრესსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე იმსჯელა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს სახელით ესწრებოდა, ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო.

„შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში და მის გარშემო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის, მისი ინსტიტუტების გაძლიერების და მიმდინარე თავდაცვითი რეფორმების შესახებ“, – განაცხადა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სტუარდ პიჩმა პრესკონფერენციაზე.

„თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება რთული რჩება და მიესალმნენ საქართველოს კონსტრუქციულ მიდგომას ვითარების მოგვარების მიმართ“, – განაცხადა პიჩმა და დასძინა, რომ მოკავშირეებმა აღიარეს საქართველოს „მნიშვნელოვანი და მტკიცე წვლილი“ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.

ნატოს თავდაცვის მინისტრების სამხედრო კომიტეტის 180-ე სხდომა ბრიუსელში 15-16 იანვარს გაიმართა.

ნატოს სამხედრო კომიტეტი წელიწადში სამჯერ იკრიბება გენშტაბის უფროსების დონეზე. ის ნატოს ოპერაციებს და მისიებს განიხილავს და ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს კონსენსუსის გზით სამხედრო რჩევებს აძლევს, თუ რომელია უკეთესი გზა ალიანსისთვის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button