Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

შეგნებული ჯარი, როგორც დემოკრატიის, თავისუფლებისა და რესპუბლიკის დაცვის გარანტი

„რესპუბლიკის ჯარი“, N3, 15 დეკემბერი, 1918

ჯარი და დემოკრატია

თბილისი, 15 დეკემბერი

ერთს ევროპიელ კონსერვატორს უთქვამს: – როცა ჯარზე ვლაპარაკობთ, დემოკრატიაზე აღარ უნდა ვილაპარაკოთო, თუ კარგათ დაუკვირდებით, ადვილათ მიხვდებით, რომ ეს შეხედულება სიყალბეზეა აშენებული და არსებითათ მიმართულია როგორც ხალხის, დემოკრატიის, ისე თვით ჯარის ინტერესების წინააღმდეგ.

ამის თქმა შეეძლოთ ძველი წესწყობილების მომხრეებს, რომელნიც ჯარის მიზანს უმთავრესათ სამეფო ტახტის დაცვაში ხედავდენ. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეთქმის იმათ, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოსთვის იბრძვის და ვისაც თავისუფალი სამშობლოს და რესპუბლიკის დაცვა გამტკიცება ახალი ჯარის უმაღლეს დანიშნულებად მიაჩნია.

რესპუბლიკა ნიშნავს საზოგადო მართვა-გამგებლობას, დემოკრატია მოასწავებს ხალხურ სახელმწიფოებრივობას, ერის თვით ბრძანებლობას, თვით მართველობას და თავისუფლებას. მაშასადამე ამ თავისუფლების და სახალხო წყობილების დამცველი ძალა არის და უნდა იქნეს ძალა დემოკრატიული, ძალა რესპუბლიკანური.

შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ქვეყანაში ხალხის შეიარაღებული ნაწილი ჯარი მონარქიული იყოს და პოლიტიკური წყობილება, დემოკრატიული ან, პირიქით პოლიტიკური წყობილება მონარქიული იყოს, ხოლო ჯარი დემოკრატიული. ამგვარი წინააღმდეგობა დროებით თუ წარმოიშობა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინათვე აღსდგეს თანხმოვა და მთლიანობა სახელმწიფურ წყობილებისა და ჯარის აგებულებას შორის.

ყველგან სადაც კი ნამდვილი დემოკრატია არსებობს, ჯარიც დემოკრატიულ ლტოლვილებით არის გაჟღენთილი. ხოლო სადაც ჯარი დემოკრატიულია, იქ დემოკრატიის საერთაშორისო ხელუხლებლობა მტკიცე და უზრუნველყოფილია.

ევროპა-ამერიკის დემოკრატიულ რესპუბლიკებში სამშობლოს და თავისუფლების ბედს სდარაჯობს გათვიცნობიერებული ჯარი, რომელიც მთელი ხალხის ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანია. იქ ჯარი და ერი ერთიმეორეს არ უპირდაპირდებიან, ჯარი იგივე შეიარაღებული ერია, რომელიც ყოველთვის მზათაა მტლად დაედვას თავის დემოკრატიულ სამშობლოს კეთილ დღეობას. ჯარი კარჩაკეტილში როდია მომწყვდეული. ჩამოშორებული მთელი ხალხის, მთელი სახელმწიფოს მოქალაქობრივ და კულტურულ ცხოვრებას იგი ერის სულისკვეთებით არის გარემოცული, მისი ცხოვრებით სცხოვრობს, ხარობს და ზეიმობს საერთო საერო სიხარულით, სწუხს და იტანჯება საზოგადო სახალხო მწუხარებით.

ჯარს იქ ღრმათ აქვს შეგნებული თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე, ძვალრბილში აქვს გამჯდარი, რომ უსიტყვოთ, შეუპოვრათ და თავდადებით უნდა დაიცვას თავის ქვეყნის კულტურა და თავისუფლება. და რაც უფრო დემოკრატიულათ არის მოწყობილი სამშობლოს წესწყობილება, მით უფრო კულტურულათ ამაღლებულია მეომარი, მით უფრო ესმის როგორც ჯარს, ისე მთელ ხალხს ხამშობლოს და თავისუფლების დაცვის საჭიროება.

დემოკრატია მშვიდობის მყოფელია. მაგრამ, როდესაც მის სამშობლოს ყოველ მხრიდან ემუქრებიან და მუდამ ჟამს მოსალოდნელია თავდასხმა და სისხლით მოპოებული  თავისუფლების განადგურება, მას ჰმართებს მკლავის მომამაცურება, შეიარაღებულ ძალების წვრთნა, სამხედრო ძლიერების შექმნა დროის და გარემოების შესაფერათ.

და აი სწორეთ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ დღეს, აი ასეთ სამხედრო ძლიერების შექმნისაკენ მიისწრაფის ჩვენი დემოკრატიული მთავრობა.

ჩვენი რესპუბლიკის თავისუფლება ჩვენ ხელთ არის. საერთაშორისო და შინაური მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უნარს გამოვიჩენთ სახელმწიფურ შემოქმედების საქმეში, კერძოთ, გვეყოლება თუ არა გაწვრთნილი, თავის დანიშნულების შემგნები ჯარი, რომელსაც მტკიცეთ დაემყარება განთავისუფლებული საქართველო.

უკანასკნელი ამბები მჭევრმეტყველურათ მოწმობენ, რომ რესპუბლიკის ჯარის საქმე წინ მიდის და უფრო და უფრო მტკიცდება. მაშასადამე, წინ მიდის და მტკიცდება რესპუბლიკის საერთო საქმეები, მაგრდება სახელმწიფური ორგანიზაცია და დემოკრატიული წყობილება.

მოიგონეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ექვსი თვის შესრულების საზეიმო ამბავი და სახალხო გვარდიის ბრწყინვალეთ ჩატარებული დღესასწაული, რომ საუკეთესო მერმისის იმედით აღნიშნოთ და დარწმუნდეთ, რომ ქართველ ხალხს და მის ახალგაზრდა ჯარს შეუძლია არა მარტო ძველის რღვევა, არამედ ახალის საფუძვლიანი შენებაც.

თქვენ კარგათ იცით თუ რა ჰქნეს ბალშევიკებმა რუსეთში: დაშალეს სახელმწიფოებრივობა და სამარე გაუთხარეს რევოლიუციას და თავისუფლებას, ლეშათ გადააქციეს დიდი და ძლიერი ქვეყანა, საიდანაც დღეს მხოლოდ შავი ანარქიის და ცხრა თვალა რეაქციის სუნი მოდის.

საქართველო არ გაყვა მათ, მან გმირულათ გადაირჩინა თავი ბნელ ძალებთან ბრძოლაში და შინ სამოქალაქო მშვიდობიანი ცხოვრება გააჩაღა, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ნ. ჟორდანიამ განაცხადა წესიერება და თავისუფლება შეაუღლა და მით განამტკიცა საფუძველი დემოკრატიულ სახელმწიფოს წყობილების.

აი ამ ჩინებული გზით მიიმართება ჩვენი რესპუბლიკა და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს ჯარი გაიორკეცებს ძალ-ღონეს, სიმტკიცის სარტყელს შემოირტყამს, გაფოლადდება და ყოველთვის პირნათლად დაიცვამს სამშობლოს თავისუფლებას და დემოკრატიის საკურთხეველს.

მსგავსი/Related

Back to top button