Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის მთავრობა სამუსულმანო საქართველოს მიმართავს და მას ავტონომიას ანიჭებს

„საქართველოს რესპუბლიკა“, N4, 5 იანვარი, 1919

სამუსულმანო საქართველოს

თავის ძმებს, მუსულმან ქართველებს, მოგმართავს დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მთავრობა.

რამოდენიმე საუკუნის წინეთ თქვენ დროთა ვითარებით მოსწყდით ძველ საქართველოს და მას ჭირსა და ლხინში გამოეთიშეთ. მაგრამ თქვენი სულიერი კავშირი სამშობლოს კერასთან, საქართველოსთან, არასოდეს არ შეწყვეტილა. თვით დაუძინებელი მტერიც კი თქვენ გურჯებათ ანუ ქართველებათ გიხსენიებდენ. მიუხედავათ სასტიკი დევნისა თქვენ დღემდის შეინარჩუნეთ მამა-პაპათა ენა და ადათები.

ქართველ ერს ერთი წუთითაც არ დავიწყებია თვისი დიდი მოვალეობა თავისი ძმების, მუსულმან ქართველთა წინაშე. ყოველივე უბედურების ჟამს ის თქვენს ჭირ-ვარამს იზიარებდა. როცა მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 და 1915 წლებში აჭარა-ქობულეთისა და შავშეთ-ერუშთის უსასტიკესი ჯალათის, რუსეთის მეფის ჯარები შემოესია და ააოხრა, მთელი საქრისტიანო საქართველო თქვენთან იყო სულით და გულით და თქვენი ვაების შემსუბუქებას ცდილობდა. სამუსულმანო საქართველო ვერ დაივიწყებს იმ ხანათ თქვენი ძმების, ქრისტიან ქართველთა მოღვაწეობას.

მას შემდეგ ქართველმა ერმა მრავალი მწარე წუთი გადიტანა. ჩვენ ვიხილეთ მტრის შემოსევა და ჩვენი იმ სოფლებისა და დაბა-ქალაქების აკლება. სამწუხაროდ იმ ხანათ ჩვენს გვერდში არ აღმოჩნდენ მუსულმანი-ქართველები; მოყიდულ პირთა წყალობით ისინი განუდგენ ქართველთა საქმეს და მით ხელი შეუწყვეს თვისი სამშობლო კერის, აჭარა-ქობულეთის და შავშეთ-ერუშეთის აოხრება-აკლებას.

დღეს მდგომარეობა საბოლოოთ გამოიცვალა. ქართველმა ერმა შესძლო თავისი საკუთარი სახელმწიფოს მოწყობა, დაამყარა თავისუფლება და ვერასოდეს ვერ შეურიგდება ძველი მონობის აღდგენას. მარა ჩვენს თავისუფლებას ანახევრებს და ქართველ ერს უდიდეს ბოღმას გვრის თქვენი დაშორება, ძმებო, მუსლიმანებო! სანამ აჭარა-ქობულეთსა, გონია-ბათუმსა და შავშეთ-ერუშეთში არ დამსხვრეულა მონობის ბორკილები, ქართველი ერი ვერ მოისვენებს. საბედნიეროთ დადგა ხელსაყრელი დრო, როცა თქვენ საშუალება გეძლევათ სამუდამოთ მოიპოვოთ თავისუფლება.

მოყიდული პირები თქვენ ჩაგჩიჩინებენ, თითქოს საქრისტიანო საქართველო თქვენს რჯულს ემუქრებოდეს. არ დაუჯეროთ ცილისმწამებელთ! დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ყველა სარწმუნოება თანასწორია, ყველას უფლება აქვს თავისი რჯულისამებრ ილოცოს და თვისი სარწმუნოება მტკიცეთ დაიცვას. თქვენი ორგულნი გეტყვიან: საქრისტიანო საქართველო მუსულმანთა ადათებს უარყოფს და მათ ბრძოლას გამოუცხადებსო. ზურგი აქციეთ თქვენს ორგულთა და მტრებს. საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში ყველა სარწმუნოების მოქალაქენი თანასწორი უფლებით სარგებლობენ: მაჰმადიანები, ებრაელნი, ფრანგები და სხვა.

თანახმათ მთელი საქართველოს მოქალაქეთა სურვილისა და პარლამენტის დადგენილებისა, ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლათ საქართველოს დემოკრატიული რესუბლიკის მთავრობა საყოველთაოთ და გადაჭრით აცხადებს რომ:

სამუსულმანო საქართველოს ის ანიჭებს ავტონომიას.

თვით მუსულმანი-ქართველების წარმომადგენელნი გამოსცემენ კანონებს, რომელითაც ისინი სამუსულმანო საქართველოში თავის გემოზე და თავისი სინდისისამებრ მოაწყობენ თავის ცხოვრებას, მტკიცე კანონებით უზრუნველყოფენ თავისი სარწმუნოების უფლებებსა, მოაწესრიგებენ ადგილობრივ საქმეებს და მით დაამყარებენ თავის სამშობლო მხარეში ბედნიერებას.

ძმებო მუსულმანებო! თქვენი საბოლოო დამონების მსურველნი თქვენ გაშინებენ ქრისტიან ქართველთა შურისძიებით. ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კარგათ გათვალისწინებული აქვს, რომ ასეთი ხმები ერთი მუჭა მოყიდული პირების მოღვაწეობას მიეწერება. თქვენი მოძმეები თქვენსკენ მოეშურებიან არა შურის საძიებლათ, არამედ თავისუფლების დროშით და ძმური სალამით. ეს დროშა წინამორბედია თქვენი საბოლოო განთავისუფლების.

დადგა ბედნიერი წუთი თქვენი ბორკილების დამსხვრევის. ძმებო მუსულმანებო! მიმოიხედეთ გარშემო. გაითვალისწინეთ ის უბედურებანი, რაც თქვენ თავს დაგატეხა რუსეთის მეფის მთავრობამ. ასწონ-დასწონეთ თქვენი აუნაზღაურებელი ზარალი ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა საბოლოოთ იცავს ხალხის ბატონობას და მის უზენაეს უფლებებს და მხოლოდ ის მოგანიჭებს თქვენ სრულ თავისუფლებას. მაშ აირჩიეთ თქვენი განთავისუფლების გზა საქართველოსთან შეერთებისა და მის ფარგლებში სამუსულმანო საქართველოს მოგვარებისა.

საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ თქვენ, ქართველი მუსულმანები, გაჰყვებით თქვენს რჩეულ მეთაურთ, რომელნიც საბოლოოთ დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირება იხსნის სამუსულმანო საქართველოს და მის სრულ თავისუფლებას უზრუნველჰყოფს.

გაუმარჯოს სამუსულმანო საქართველოს ავტონომიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში!

გაუმარჯოს მუსულმან-ქართველთა მონობისაგან განთავისუფლებას!

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე

25 დეკემბერი.                              ნ. ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button