skip to content
რესპუბლიკის ამბები

ახალი წელიწადი საქართველოში ძველად

„საქართველო“, N1, 1-ლი იანვარი, 1919

ახალი წელიწადი საქართველოში ძველად

ახალი წელიწადის დასაწყისის დღესასწაული უძველესი დროიდან მიღებული იყო არა მარტო ჩვენში, არამედ საზოგადოდ აღმოსავლეთში. ცნობილია, მაგალითად, თუ რა დიდის ზეიმით დღესასწაულობდნენ სპარსეთში ნავროზს, წელიწადის დასაწყისს. საინტერესოა, რომ ნავროზობა სხარტად მოხსენებული „ვეხფის ტყაოსან“-შიაც. ფატმანი უამბობს ავთანდილს:

„წესია ამა ქალაქსა დღესა მას ნავროზობასა,

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა,

ყველაი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა,

და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა….

კერძოდ ჩვენში ძველად განსაკუთრებულის ზეიმით გარდაიხდებოდა ხოლმე ახალწლის დღესასწაული მეფის სასახლეში. 1 იანვარს ცისკრის ლოცვამდის პირველი ვეზირი, რომელიც იყო ჩვეულებრივ ჭყონდიდელი მთავარ-ეპისკოპოსი, ჯვარსა და ხატს უკვლევდა მეფეს, ხოლო დედოფალს სამკაულს და შაქრის სანუკვარს ორსავე. წირვის შემდეგ უკვლევდნენ მეფეს ყველა დარბაზს მყოფნი თავადნი, მოხელენი და ხელისუფალნი. ყოველი მოხელე უკვლევდა თავის სახელის შესაფერის რასმეს. მაგ. ბაზიერთუხუცესი შევარდენ-ქორსა და ველურ ეშმაკის მოოქრვილს თავს, მეჯინიბეთუხუცესი შეკაზმულს ოქრო-მოოჭვილ… ცხენსა და სხვ. … ყოველ მომლოცველს თან მოჰქონდა ისარი და მით შეაჩვენებდნენ კრულვით მეფის და სამშობლოს ორგულთ ამ სიტყვებით: „მრავალჟამიერ ყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულისა შინა განერთხოს მეფობისა თქვენისა ორგულსა“. მოლოცვების გათავების შემდეგ იმართებოდა დიდი პურობა და დარბაზობა, რომელსაც მოიხსენიებს „ვეფხის ტყაოსნის“ გენიოსი ავტორიც. ერისთავების მიერ მორთმეულ უვარგის ცხენებს ბაზიერთუხუცესი გაიყვანდა სანადიროდ განმზადებულ შემოღობილ ადგილს. საღამოს ცხენებს დახოცდნენ, რათა რამით ცხენების ლეშს მოეზიდა ნადირი. იმ ღამეს შემოღობილი ადგილი აივსებოდა ტურით, მელით, მგლით და სხვა ნადირებით. დილას ბაზიერნი დახურავდენ კარებს და ამის შემდეგ წამობრძანდებოდა სასახლიდან მეფე თავის ამალით და დიდებულებით სანადიროთ. მხეცთ გამოუშვებდენ და იწყებოდა სროლა და ხოცა ნადირთა. ნადირობის გათავების შემდეგ შესდგებოდა ნუსხა, თუ ვის რამდენი მხეცი ჰყავდა მოკლული, ხოლო მეფის მიერ მოკლულთ მიართმევდნენ მას. ეს ნადირობა ხდებოდა დიდის ჯარის თანდასწრებით და წარმოადგენდა უდიდეს გასართობს ახალწლის დღეებში მაშინდელ რაინდულს დროს.

თოფისა და ტყვია-წამალის შემოსვლის შემდეგ ისარის როლს მეფესთან მოლოცვის დროს ასრულებდა ტყვია. რაც შეეხება ნადირობას ახალწლის დღეებში, ის სრულიად მოისპო მე-18 საუკუნეში.

ფრიად საინტერესოა აღწერილობა ახალწლის დღესასწაულისა სამეგრელოში მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში დიდ ლევან მეორე დადიანის დროს, რომელიც აღწერილი აქვს არქანჯელო ლამბერტის: „ახალწელიწადს ოდიშში, სწერს ის, დიდად პატივს-სცემენ და ფრიად დღესასწაულობენო. მცხოვრებლების აზრით, მთელი წლის ბედნიერება ამ დღეზე არის დამოკიდებული. ამიტომ ყველა ცდილობს რაც შეიძლება უკეთესად იდღესასწაულოს ეს დღე, რომ ამით მთელი წლის ბედნიერება დაიკვებოს. ამ დღეს ერთი ფრიად ძველ ჩვეულებას ასრულებენ. მთავარი (დადიანი) თავის სასახლიდან (როგორც თავადები და აზნაურები თავიანთი სახლებიდან) წინა ღამით გზავნის თავის კარის კაცებს მახლობელ ყმების სახლებში. მასპინძელი მოვალეს დაამზადოს მათთვის კარგი ვახშამი. გათენებისას ყველანი გაემართებიან ბატონის სასახლისაკენ. ამ პროცესიაში თვითეულს მოხელეს სასახლისას მიაქვს ის, რაც შეჰფერის მის ხელობას. მაგალითად, სახლთუხუცესი ყველაზე წინ მიდის და მიაქვს ხონჩაზე დაწყობილი ორი ოქროს გვირგვიანი, ძვირფასი ქვებით შემკული, ერთი მთავრისათვის და მეორე დედოფლისათვის. ამას მისდევს მეჯინიბეთ უხუცესი, რომელსაც ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკული ცხენი მიყავს. მეჯოგეთ უხუცესს მიყავს შებოჭილი გასუქებული ხარი, რომელიც იმ დღეს უნდა დაიკლას. მწყემსთ მიყავთ საუკეთესო ბატკანი, რომელიც კი მოიძებნება ჯოგში. ამათ მისდევსთ: მზარეულები – მხრებზე წამოდებული მრავალი შამფურებით გოჭები, ყვერულები და ხოხბები; ხაბაზი – ერთი დიდი პურით ხელში, მეღვინე – ერთი სურა საუკეთესო ღვინით, მებაღე ერთი კალათი ხილით. შემდეგ შემოსილი სამღვდელოება, ეპისკოპოსი, წინამძღვრები და მღვდლები ხატებით ხელში. მთელი ეს პროცესი მიდის მხიარულად „კირიელეისონის“ გალობით. სახლის შესავალ კარებს რომ მიუახლოვდებიან, ერთი მათგანი შემოსავს კარებს სუროთი. ამასობაში თვით სასახლეში მთავარი, დედოფალი და ამალა მოირთვებიან საუკეთესო ტანისამოსებში, შეიყრებიან ერთს ოჯახში, რომელიც უფრო დიდია სასახლეში, მწკრივად დადგებიან ანთებული სანთლებით ხელში და ელოდებიან პროცესიას, რომელიც შემოდის ოთახში „კირიელეისონის“ გალობით. თვითეული შინაურთაგანი მარცხენა ხელში რომ ანთებული სანთელი უჭირავს, მარჯვენა ხელს შეაჯახებს და დიდის ყურადღებით სინჯავს იმ ნივთებს, რომელიც მოხელეებს მოაქვთ, რადგან მტკიცედ დარწმუნებულნი არიან, რომ ვინც ამ დღეს კარგად არ შეახებს ხელს ყოველსავე, იმას არავითარი სიკეთე სახლში არ ექნებაო. ამ ოთახიდან პროცესია იმავე რიგით და გალობით შემოივლის სახლის ყველა ადგილებს და ყველგან მიაკრავენ სურო ტოტებს.

აგრე ეგებება ახალწელიწადს მთავარ. აგრეთვე თავის შეძლებისამებრ ეგებებიან თავადები, აზნაურები და გლეხებიც თავიანთ სახლებში. თვით ის ღარიბი ხალხიც კი, რომელიც მოკლებულია ყოველივე შეძლებას, არ დარჩება ისე, რომ ახალი წლის შეგებების წესი არ შეასრულოს, ამისათვის იგინი გარედ გამოუშვებენ თავის პატარა სახლობას, რომ „კირიელეისონის“ გალობით შემოვიდნენ სახლში და თუ სხვა არა აქვთ რა შესატანი, მოსძებნიან სუროს და ამის ფოთლებს მიაკრავენ სახლის ყველა კუთხეში. ამ რიგად სუროს ფოთლის სიმრავლე ჰფარავს სიმდიდრის ნაკლებობასა, ამბობს ლამბერტი.

ლამბერტის მიერ მოხსენებული ეს უკანასკნელი წესი ახალწლის გარდახდისა, მიღებული ყოფილა ფართო მასაში, და რამოდენადმე შენახულია დასავლეთ საქართველოში ჩვენს დრომდის.

ს.კ.

მსგავსი/Related

Back to top button