skip to content
ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრები განახლდა

სოფელ ერგნეთში 18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 90-ე შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელი შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სამი თვის წინ, ცხინვალის მონაწილეებმა წინა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოსური მხარის პროტესტის მიზეზი ინტერპოლის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება გახდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი, ისევე როგორც დავით ბაშარულის მკვლელობა კვლავ დღის წესრიგში იდგა.

ანთაძის თქმით, ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის „დევნაზე“, რომელიც რეგიონში არაოფიციალურ შინაპატიმრობაში იმყოფება. ანთაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ასევე ვისაუბრეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას“, – განაცხადა ანთაძემ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრების განახლებას მიესალმა და მხარეებს „კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისკენ“ მოუწოდა.
მისიის თქმით, მონაწილეები სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ, სადაც ბოლო დროს ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას ანტი-საოკუპაციო პროტესტი მოჰყვა.

მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი ბორდერიზაციის გავლენის გამო, თანათავმჯდომარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე შეშფოთება გამოხატეს.

ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button