ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ თანამდებობის პირებს პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2004 წელს პოლიციის მიერ დაკავების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები 18 დეკემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროსს დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ზურაბ მიქაძეს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ და თანამდებობების დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვათ.

კიდევ ერთ ბრალდებულს, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს, რომელმაც დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა და 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მასვე თანმდებობის დაკავება 2 წლით შეეზღუდა.

„სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნია, საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კერძოდ, მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნისა და პროცესუალური დოკუმენტების განმტკიცების მიზნით, რეალური ფაქტების დამახინჯება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჩადება“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის თანხმლებ პირებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულში“ ნაჩვენები ვიდეოს თანახმად, რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაჭერას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, რობაქიძისა და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ახალი გამოძიებით, რომელიც 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს არ დადასტურდა.

წინა ხელისუფლების პირობებში, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გრიგოლ ბაშალეიშვილს ამირან რობაქიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე ხელახალი გამოძიება 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულთა წრე გაფართოვდა და ბრალი შსს-ის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძესაც წარედგინა, თუმცა სასამართლომ ის 25 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეში კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა კი, სხვა საქმეზე სასჯელს უკვე იხდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button