პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა
მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2006 წლის მაისში მომხდარი ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმე, რომლის შედეგადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იქნენ მოკლული, გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.
კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის მიმართ კი, რომელიც საქართველოდან წასულია, ბრალდების დადგენილება იქნა გამოტანილი, ნათქვამია პროკურატურის მიერ 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და ასევე სპეცრაზმელებთან ერთად არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ცხრა წლის წინანდელ ამ სპეცოპერაციას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა; და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, საკონტროლო გასროლები განახორციელა.
ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.
საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა. მან შსს-ის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე დაადანაშაულა „კორტების სპეცოპერაციაში“ მონაწილე იმ პირების მფარველობაში, რომლებიც კვლავ სამინისტროს უწყებაში მუშაობდნენ. ჭიკაიძემ ეს ბრალდებები უარყო, თუმცა ვაზაგაშვილის აფეთქების საქმის გამო გადადგა.
2 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ უარყო მანამდე გავრცელებული ოფიციალური ვერსია, თითქოს კორტების სპეცოპერაციისას მოკლული და დაჭრილი ახალგაზრდები ყაჩაღური ჯგუფის წევრები იყვნენ.
გამოძიების ინფორმაციით, სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა, რათა ერთის მხრივ, შური ეძია 2006 წლის აპრილში ნარკოტიკულ დანაშაულის ბრალდებით დაკავებული მისი ძმის გამო, რომელიც ამ დანაშაულში საშა ხუბულოვმა ამხილა, ხოლო მეორეს მხრივ, „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის“ ფარგლებში „დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯი დაემკვიდრებია“.
გამოძიების ინფორმაციით, თითქოსდა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილ პირებს, რომლებიც შუქნიშნის გამო სანაპიროზე გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ, ფირცხალავას ბრძანებით რამდენიმე სპეცრაზმელი მიუახლოვდა და ხალხმრავალ ადგილას „ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნა“, რა დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილმა მანქანა ადგილიდან დაძრა, თუმცა „ინტერნსიური სროლების“ შედეგად მისი მართვა დაკარგა და ტროტუარზე მდგარ ბოძს შეეჯახა. სროლების შეწყვეტის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ცააძემ, გამოძიების ინფორმაციით, დაცხრილულ მანქანაში მყოფი ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის მიმართ საკონტროლო გასროლების განახორციელა.
ე.წ. სპეცოპერაციის დროს მანქანას 97 ტყვია მოხვდა, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილს 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა და ალექსანდრე ხუბულოვს 9 ცეცხსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა სხეულზე – ორივე ადგილზე გარდაიცვალა; მანქანაში მყოფმა მესამე პირმა, ბონდო ფუთურიძემ კი მძიმე დაზიანება მიიღო.
ამის შემდეგ, გამოძიების ინფორმაციით, დაიწყო საქმის ფალსიფიცირება: კერძოდ, ადგილზე მიყვანეს და დაცხრილული მანქანის უკან განათავსეს პოლიციელის ავტომანქანა, რომლის წინა საქარე მინას ჰქონდა ნატყვიარები, რომელიც თითქოს მას ვაზაგაშვილის მანქანიდან მიაყენეს; ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა მიიყენა თვითდაზიანება, რომელიც თითქოს მას ვაზაგაშვილის მანქანასთან შეჯახების გამო მიადგა; და ასევე ვაზაგაშვილის მანქანაში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები.
„გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც „დააგვირგვინებდა“ ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადების შესახებ და აღიარებდა ხსენებულ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 03 ივნისს, საკონტროლო გასროლების განმახორციელებელმა გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზარხველებთან – ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის თქმით, მკვლელობის მოტივი და მომხდარის სურათი განახლებული გამოძიების ფარგლებში 150-მდე მოწმის დაკითხვის (მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ), ათზე მეტი ექსპერტიზის და "მთელი რიგი სხვა საგამოძიებო მოქმედებების" შედეგად დადგინდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ამ საქმის გახსნას, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან მან თავი შეიკავა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ ამ საქმეზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას „დადგმული სპექტაკლი“ უწოდა, რომელიც „დაანგრევს საქართველოში პოლიციურ სისტემას“.
This post is also available in: Русский (რუსული)