რესპუბლიკის ამბები

დაშნაკების თავდასხმა ლორეში: ქართველთა იმედები და შიშები

„ერთობა“, N271, 15 დეკემბერი, 1918

ლორის ამბების გამო

პარლამენტის 13 დეკემბრის სხდომაზე სამხედრო და გარეშე საქმეთა მინისტრებმა მოხსენება გააკეთეს იმ შეტაკების გამო, რომელიც ხდება ლორში ქართველ სომეხ ჯარებს შორის. ჩვენს მთავრობას, ჩვენს დემოკრატიას მუდამ უნდოდათ თავიდან აეცილებინათ ყველაფერი ის, რაც ორ რესპუბლიკას შორის ოდნავ მაინც დაარღვევდა კეთილ-განწყობილებას. ჩვენ გვინდოდა ლორის შეტაკებები აგვეხსნა, როგორც „ბრბოების“ მოქმედება, როგორც ბოროტ-მოქმედება ჩადენილი უპასუხისმგებლო ძალების მიერ, რომელსაც თვით სომხეთის რესპუბლიკასთან, მის პასუხისმგებელ მთავრობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. იმ განცხადებებშიაც კი, რომლებშიც მთავრობა იტყობინებოდა ლორის შეტაკებების შესახებ, სომხების მხრით მხოლოდ „ბრბოები“, „ბანდები“ იხსენიებოდა. სამხედრო მინისტრის მოხსენებამ, სამწუხაროთ, არ გაამართლა საქართველოს მთავრობის და დემოკრატიის იმედი: დოკუმენტებით ხელში მან დაამტკიცა, რომ სომხების მხრით თავდასხმას აწარმოებენ არა უპასუხისმგებლო „ბრბოები“, არამედ რეგულიარული ჯარის ნაწილები; გამორკვეულია, სადა აქვს ამ ნაწილებს მთავარი შტაბები, ვინ არის მათი წინამძღოლები; გამორკვეულია, რომ ქართულ ჯარზე თავდასხმას აწარმოებენ სომხეთის ჯარის ცნობილი კომანდირები. ერთის სიტყვით, სადაო აღარ არის ის, რომ ჩვენი ჯარის წინააღმდეგ სწარმოებს წესიერი სამხედრო მოქმედება სომხეთის რესპუბლიკის პასუხისმგებელ ჯარის ნაწილების მხრით.

საგარეო მინისტრის მოხსენებიდან გამოჩნდა, რომ სომხების ჯარების მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედების შესახებ სომხეთის მთავრობის შეხედულება ჯერ არ გამორკვეულა: ტელეგრაფის წახდენის გამო ვერც ჩვენი დეპეშები მიდის ერევანში, ვერც ერევნიდან აქ. თავდამსხმელთ ერთმანეთს მოსწყვიტეს სომხეთის და საქართველოს რესპუბლიკები, მათი მთავრობა. ისე რომ ჯერ კიდევ შეიძლება საქმე მოგვარდეს, ჯერ კიდევ შეიძლება გამოირკვეს, რომ ყველა ის, რაც ლორში მოხდა, აიხსნება სომხეთის ჯარის უდისციპლინობით, მისი თვითნებობით, რომ სომხეთის მთავრობის სამხედრო პირებმა ამ აქტით ჩაიდინეს ბოროტმოქმედება როგორც ჩვენი რესპუბლიკის, ისე სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ; ჯერ კიდევ იმედია, რომ სომხეთის მთავრობა სწორეთ ისე შეხედავს ლორეში მომხდარ შეტაკებებს, როგორც თავის ჯარის ნაწილების მიერ ჩადენილ ბოროტ მოქმედებას ორივე რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ცნობებია, რომ სომხეთის მთავრობას გამოუგზავნია დელეგაცია ჩვენს მთავრობასთან მოსალაპარაკებლათ; რომ თვით საგარეო საქმეთა მინისტრი ბ. ტიგრანიანი მოემგზავრება აქეთ. ეს კიდევ უფრო ძლიერებს ჩვენს იმედს, რომ სომხეთის მთავრობა არ მოინდომებს ორ მოძმე სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გამწვავებას. ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლორის შეტაკებებს სომხეთის მთავრობას სწორედ ისე ხედავს, როგორც ჩვენ, რომ იგი აღიარებს თავდამსხმელ ჯარის ნაწილების მეთაურთა სასტიკად დასჯის საჭიროებას და ამას სისრულეშიაც მოიყვანს.

მხოლოდ ჩვენ ერთი რამ გვაშინებს. იმ პარტიას, რომელიც სომხის ერს ხელმძღვანელობს, დასჩემდა კავკასიის ერთათვის საბედისწერო ჩვეულება პოლიტიკაში: იგი მუდამ გაურბოდა კავკასიის ერთა გულწრფელ სოლიდარობას და მეგობრობას. კავკასიის ერების ურთიერთობაში მას თვალი მუდამ გარეთ ეჭირა, მუდამ უცხო ძალაზე აფუძნებდა თავის ნაციონალურ-პოლიტიკურ ანგარიშს: ჯერ თვითმპყრობელურ რუსეთზე, შემდეგ ბალშევიკებზე, შემდეგ ალექსეევ დენიკინზე, დღეს გამარჯვებულ შეთანხ. სახელმწიფოებზე. ჩვენ გვეშინიან, რომ „დაშნაკცუტიუნი“ გონზე ვერ მოიყვანა იმ საშინელმა უბედურებამ, რომელიც მის პოლიტიკის წყალობით წარსულში თავს დაატყდა სომხის ერს. ჩვენ ძლიან გვეშინიან, ლორის ამბები მომასწავებელი არ იყოს ამ პარტიის ახალ ავანტიურისა, რომელსაც მიზნათ აქვს ისეთი პირობების შექმნა, როდესაც ინგლის-საფრანგეთ ამერიკა იძულებულნი იქმნებიან კავკასიის ერთა შინაურ საქმეებში ჩაერიონ.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თვით სომხის ერში ყველა არ იზიარებს „დაშნაკცუტიუნის“ პოლიტიკას. ჩვენ ვიცით, რომ „დაშნაკცუტიუნს“ თავის პოლიტიკის გასატარებლათ ტერორისტულ ზომების მიღება უხდება თავის მოწინააღმდეგეთა მიმართ:

ამხანაგნ ჰაიკ აზატიანის მკვლელობაა ამის მაჩვენებელი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ თვით „დაშნაკცუტიუნში“ არ არის სრული თანხმობა, რომ მასში მოიპოვება გონიერი ელემენტები, რომ „დაშნაკცუტიუნის“ ზინეორებს თვით თავის პარტიულ ზომიერ ამხანაგების წინააღმდეგ უხდებათ მაუზერით მოქმედება (კარჩიკიანის მოკვლა). ყველა ეს გვაძლევს იმედს, რომ სომხის ხალხში „ზინოვირიზმი“ ვერ გაიმარჯვებს, რომ გაიმარჯვებს ის მიმართულება, რომელმაც უკვე შეიგნო ავანტიურიზმის დამღუპველობა პოლიტიკაში.

მსგავსი/Related

Back to top button