skip to content
რესპუბლიკის ამბები

სამაჰმადიანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტის მოწოდება აჭარლებს

პირველი მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, 1918 წლის 30 ოქტომბერს დადებული მუდროსის ზავის თანახმად, ოსმალეთს დაპყრობილი ტერიტორიები უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, მის მიერ კავკასიაში დაკავებული მიწებიც. ამ ტერიტორიებზე ინგლისის ჯარებმა დაიწყეს შესვლა. თავის მხრივ, გათავისუფლებულ ტერიტორიათა დაკავება დაიწყეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმაც, რომლებიც შემოდგომიდან შედიან ახალციხე-ახალქალაქის ტერიტორიებზე. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა აჭარის დაბრუნებასაც ცდილობდა. აჭარაზე თვალი ედგათ თეთრგვარდიელ რუსებსაც. პარალელურად, აჭარაში მოქმედებდნენ პრო-თურქული განწყობის ძალებიც, რომლებიც აჭარის მომავალს ოსმალეთის იმპერიაში ხედავდნენ. ასეთ დროს აჭარის ქართველობას მიმართავს სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი” და მოუწოდებს მათ, გაერთიანდნენ ქრისტიან ქართველებთან და იარაღი არ აიღონ საქართველოს ჯარების წინააღმდეგ. კომიტეტი არწმუნებს მუსლიმ ქართველებს, რომ საქართველოს მთავრობა მათ მშვიდობას, განვითარებას და შიდა საქმეებში ავტონომიას ჰპირდება. მართლაც, 1918 წლის 25 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის  ხელისუფლებამ მიმართა სამუსლიმანო საქართველოს მცხოვრებთ და მათ ავტონომიას დაჰპირდა. 

 

იხილეთ კომიტეტის მოწოდება, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ„საქართველოს“, N236-ში, 1918 წ. 10 დეკემბერს:

სამაჰმადიანო საქართველოს გამანთავისუფლებელ კომიტეტის მოწოდება

ძმებო! მაჰმადიანო ქართველებო! დადგა დრო ძველი შეცდომები გამოვასწოროთ. მოვიხსნათ მძიმე უღელი თურქების ბატონობისა, მოვიშოროთ ის შერცხვენა, რომელიც თავს დაგვატყდა; მოვიშოროთ ჩვენი მძარცველები, ამკლებლები და შემარცხვენელნი. დადგა დრო, როცა შეგვიძლია ჩვენი საქმე, ჩვენი ბედი თვითონ მოვაწყოთ.

თქვენ გეცოდინებათ, ომი გათავდა, ოთხთა კავშირს ჯერ გამოეცალა ბულგარეთი და შეურიგდა ინგლისელებს და ფრანგებს, მას მოჰყვა ავსტრია. ბოლოს გერმანიამაც იარაღი დაყარა. ოსმალეთი კიდევ ადრე დაეცა, ის დათანხმდა ყველა პირობებს, რომელიც ინგლისმა წამოუყენა. უნდა აჰყაროს იარაღი მთელ თავის ჯარს, მხოლოდ შიგნით მცველები დასტოვოს. უკვე გახსნა ჩანაკალე და ინგლისელები შემოვიდნენ სტამბოლში. ოსმალეთმა უნდა დასცალოს ყველა დაჭერილი ადგილები და დაბრუნდეს თავის ძველ საზღვრებზე.

ამგვარად, ოსმალთა ჯარი უნდა გავიდეს ჩვენი ქვეყნიდანაც. უნდა დასცალონ ახალციხე-ახალქალაქის მაზრები, ქობულეთი, აჭარა, მურღული, ბათომი, გონია. კარგა ხანია ისინი უნდა გასულიყვნენ ჩვენი ქვეყნიდან, მართალია ნელ-ნელა გადიან, მაგრამ რაღაცა ფეხს ითრევენ, კიდევ ახალს ხიფათში ჩაგვაგდებენ.

ჩვენში ბევრი ხალხის მტერი ცუდ ხმას ავრცელებს. გვეუბნებიან ქრისტიანი ქართველები შურს იძიებენ, გვემტერებიან, დაგვეცემიანო. ყველაფერი ტყუილია. ჩვენ თავდები ვართ, რომ ქრისტიან ქართველებს მხოლოდ ჩვენი კარგი უნდათ, არავითარი შურის ძიება, არავითარი დანაკარგის ძებნა არ იქნება, ძველი ყველაფერი სულ დავიწყენილია და ქრისტიანი ქართველობა ძმურ ხელს გვიწვდის. თქვენ თურქის აფიცრები გატყუებენ. სტამბოლში ძველი მთავრობა დაეცა. ენვერი, თალაათი და მათი ამხანაგები გაიქცნენ. ჩვენში დარჩენილი ითთიჰადის კაცები ახლა ცდილობენ დროებით თავი შემოგვაფარონ. არ დაუჯეროთ მათ, არ აიღოთ იარაღი. არ დასტოვოთ ჩვენში ჩვენი ნამუსის შემარცხვენელი თურქის აფიცრები და ჯარის კაცები; არ მისცეთ მათ ნება ჯარის ტანისამოსი დაყარონ და ჩვენებურად ჩაიცვან. ოსმალებს ნუ აჰყვებით, თორემ ახალ უბედურებაში ჩავარდებით. ოსმალეთი ინგრევა, არაბისტანი მოშორდა. თვითონ ოსმალეთი აირ-დაირია, გაღარიბდა და შეწუხდა. გურჯებს, მახმადიან ქართველებს  თურქებისაგან ხეირი არა აქვთ ნუ გადავეკიდებით ჩვენ ძმებს, ქრისტიან ქართველებს, შეუერთდეთ საქართველოს. მთელი ქართველობა ჩვენ გვაძლევს ფართო ავტონომიას, ფართო თვითმართველობას, ყოველივე ჩვენ შინაურ საქმეებს ჩვენ თვითონ მოვაწყობთ. ჩვენი რჯულის საქმეები, ჩვენი მედრესეები, მართველობა ჩვენ ხელთ იქნება. მხოლოდ ქრისტიან ქართველებთან გვექნება საერთო საზღვარი და საერთო საქმეები. არავინ მოგატყუოთ, ჩვენ რჯულის საქმეებში ქრისტიანი ქართველები არ ჩაერევიან. მაშ, ძმებო, ნუ ავყვებით თურქებს და მათ დამქაშებს. ჩვენ საქმეებს ჩვე თვითონ ჩავუდგეთ სათავეში და ჩვენ ძმებთან, ქრისტიან ქართველებთან ერთად, მოვაწყოთ ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრება.

გაუმარჯოს თავისუფალ სამაჰმადიანო საქართველოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში!

გაუმარჯოს თავისუფლებისათვის მებრძოლთ!

გაუმარჯოს მუსულმან ქართვეებს!

სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის თავმჯდომარე მემედბეგ სანჯაქ ბეგ ზადე აბაშიძე.

კომიტეტის წევრები: ზია-ბეგ სანჯაქ ბეგ ზადე აბაშიძე, ახმედ ბეგ თულუმბაზადე ბეჟანიძე, კადირ ბეგ შერვაშიძე, ჰაიდარ ბეგ სანჯაქ ბეგ ზადე აბაძიძე, სულეიმან ეფენდი დიასამიძე, იუსუფ ეფენდი ქათამაძე, ქემალ-ნოღაიდელი, ხასია თხილაიშვილი.

მაჰმადიან ქართველთა ბათალიონის უფროსი ასლან ბეგ აბაშიძე.

მსგავსი/Related

Back to top button