ძველი ამბები

რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 6 თვე – სოციალისტ-ფედერალისტები თავისუფლებასა და დემოკრატიაზე

1918 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ქართულ პრესაში უამრავი წერილი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის თავს. დეკემბრის პირველში, საქართველოს პარლამენტში საზეიმო სხდომაც გაიმართა, რომელზედაც რესპუბლიკის დაარსების ნახევარი წელიწადი აღნიშნეს. გთავაზობთ სოციალისტ-ფედერალისტი პარლამენტარის, პუბლიცისტის არჩილ ჯაჯანაშვილის წერილს „თავისუფალი საქართველო“, რომელიც „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა. 

(„სახალხო საქმე“, N398, დეკემბრის 1, 1918)

თავისუფალი საქართველო

ნახევარმა წელიწადმა განვლო მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისუფალის ცხოვრებითა სცხოვრობს, რამდენადაც კი შესაძლებელია თავისუფლება დღევანდელ გართულებულ საერთაშორისო პირობებში,. ზევიდან რომ გადავავლოთ თვალი განვლილ ნახევარ წელიწადს დამოუკიდებლად არსებობისას, ერთს უტყუარ ფაქტს აღმოვაჩენთ: დემოკრატიის შინაგანმა ძალამ წარმოშვა დამოუკიდებლობა და იმავე დემოკრატიის შინაგანი ძალების განვითარებით შესაძლებელი გაჰხდა შედარებითი განმტკიცება ჩვენი სახელმწიფოებრივობისა. გადავავლოთ თვალი მახლობელ წარსულს. უეჭველია ჯერ კიდევ ბევრს უდგას თვალწინ შავი აჩრდილი იმ ანარქიისა, რომელიც გაბოლშევიკებული რუსის ჯარისკაცების სტიქიურმა დემობილიზაციამ გამოიწვია. ყოველ წუთს ეს ბრბო მზად იყო შემოჰსეოდა საქართველოს დედა-ქალაქ ტფილისს, აეოხრებინა იგი, როგორც სხვა ქალაქები ააოხრა და სამოქალაქო ომის ალში გაეხვია ჩვენი ქვეყანა. მაგრამ დემოკრატიამ, მისმა მწყობრმა დარაზმვამ ეს საშინელი უბედურება თავიდან ააცილა საქართველოს და გზა გაუკაფა უფლებრივი რესპუბლიკანური წესწყობილების დამყარებას. ჯერ კიდევ ამ იარების განკურნვა არ დაესრულებინა საქართველოს დემოკრატიას, რომ ჩვენს წინ ახალი, უფრო დიდი საფრთხე აღიმართა; საფრთხე ოსმალეთის ურდოების შემოსევისა. დაშლილი სახელმწიფოებრივი და სამხედრო ორგანიზაცია შეუძლებლადა ჰხდიდა თავის დაცვის გაგრძელებას საკუთარის ძალღონით. ყველას ახსოვს შავ ბნელი დღეები ბათომის დაცემისა, ოსმალთა ასკერების თარეში გურიაში და ბორჩალოში: აი სწორედ ამ საბედისწერო ჟამს საქართველომ გერმანიას სთხოვა დახმარება, დახმარება, რომელიც განსაკუთრებით ოსმალეთის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. გერმანიამ პირნათლად შეასრულა მიღებული ვალდებულება და თავისი ძლიერება საქართველოს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენაო, ჩვენ თამამად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს არის აზრი არა მარტო სოციალ-დემოკრატიისა, არამედ მთელი ქართველი ხალხისა. მაგრამ დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის ნახევარი წლის შემდეგ, მარტო ის გარემოება არ არის აღსანიშნავი. ჩვენ დღეს მთელს ქვეყანას შეგვიძლიან ასევე თამამად განვუცხადოთ, რომ საქართველოს მთავრობას არც ერთი გერმანელი სალდათი არ მოუხმარია შინაური სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად. მაშინ, როდესაც თითქმის მთელი რუსეთი ანარქიის ცეცხლში იყო გახვეული, მაშინ როდესაც ბევრს ადგილას გერმანიაისა და და ავსტრიის ჯარი იძულებული ჰხდებოდა აქტიურად ჩარეულიყო წესიერების დამყარების საქმეში, აქ, საქართველოში, არც ერთი გერმანული ტყვია არ გასროლილა წესიერების დასამყარებლად. ჩვენმა ხალხმა თავის საკუთარ წიაღში ჰპოვა საკმაოდ ძალა როგორც წესიერების აღსადგენათ, ისე დადებით სააღმშენებლო სახელმწიფოებრივი მუშაობისთვის. ამის უარჰყოფა ვერ შეუძლიან ვერავის, ვისაც კი თვალ-ყური უდევნებია ჩვენი ცხოვრებისათვის, ამას ვერ უარჰყოფენ ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებიც კი, იყო შემთხვევები აჯანყებისა, მაგრამ ძალიან მალე გამოირკვა, რომ ეს აჯანყებანი მოწყობილი იყო საქართველოს მტრების მიერ. როდესაც ხალხის მოტყუებით ვერაფერს გაჰხდნენ, ხიდების აფეთქება დაიწყეს, რომ ამნაირი საშუალებით მაინც შექმნათ ილიუზია, რომ საქართველოს თავისი საკუთარი ძალ-ღონით ვერ შეუძლიან წესიერების დამყარება. მაგრამ ამ მუხანათური საქციელითაც ვეღარაფერს გაჰხდნენ. აქაც გამარჯვებული საქართველოს დემოკრატია გამოვიდა.

უდიდესი ღირსება საქართველოს დამოუკიდებლობისა სწორედ ის არის, რომ მან გამოაშკარავა და ცხადჰყო შემოქმედებითი უნარი და ძალა დემოკრატიისა. ეს ისეთი განძია, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ მომავალშიაც სანამ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დემოკრატია უდგას დარაჯად, საქართველო გასცილდება სცილასა და ხარიბდას და თავის ნავს მშვიდობიანად მიიყვანს ნეტარ ნავსაყუდელამდე.

ჩვენ არავითარი გარეშე ძალა არ დაგვჭირვებია სახელმწიფოს შესაქმნელად და არც შემდეგში დაგვჭირდება. ეს შესაძლებელი გაჰხდა მხოლოდ იმიტომ, რომ თვით ჩვენი ხალხის გულის სიღრმეში დაგროვილია დიდი სასიცოცხლო ენერგია, რომლის ჩაკვლა ვერავითარ ძალას ვერ შეუძლიან.

ნახევარი წელიადია საქართველო დამოუკიდებელის ცხოვრებითა სცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი საქმეს გაკეთება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირი დამაბრკოლებელი მიზეზები ეღობებოდა. მან შესძლო და აღადგინა სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, მოაწყო ადმინისტრაცია, სასამართლო, ჯარი, საკანტროლო ორგანიზაცია; მან საფუძველი ჩაუყარა აგრარულ რეფორმას, რომელიც დღეს აჩქარებულის ტემპით ხორციელდება; შემოიღო საერო თვითმმართველობანი, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტს. ერთის სიტყვით, უდიდესი რღვევისა და ნგრევის ხანაში საქართველოს ერთს წუთსაც არ აუღია ხელი შემოქმედებითი, დადებითი მუშაობისთვის, ერთს წუთსაც არ დაუნებებია თავი სააღმშენებლო მუშაობისთვის. შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ დიდი შრომა უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოებრივი აპარატის განსამტკიცებლად, მაგრამ ყველაფერი ის, რაც გაკეთდა, სრულს იმედს გვაძლევს იმისას, რომ საქართველო დასძლევს ყოველნაირ დაბრკოლებებს და განამტკიცებს თავის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

117 წელი მონობის უღელი გვედო კისერზე. 117 წელიწადი ქართველი ხალხი ხელ ფეხ შებორკილი ეგდო რუსეთის უსინდისო მოხელეებისა და ჟანდარმების ფერხთა წინაშე. 117 წელიწადი შემორბილი იყო ჩვენი სხეული, ჩვენი სული, ჩვენი ნებისყოფა, 117 წელიწადი მათრახებითა, ციხეებითა და სახრჩობელათი უმასპინძლდებოდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში დახშობილი გვქონდა ასპარეზი თავისუფალი კულტურული განვითარებისა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველი თავის საკუთარ სამშობლოში პირუტყვად იყო მიჩნეული, რომელიც თითქოს იმიტომ იყო გაჩენილი, რომ თავისი ძვლებითა, სისცლითა და ცრემლით სხვების კეთილსღეობისთვის გაეპოხიერებინათ ნიადაგი.

მაგრამ განვლო ამ შავ-ბნელმა დრომ. სამარცხვინო მონობისა და პირუტყვული არსებობის ხანა შთაინთქა რუსეთის იმპერიის ნანგრევებში. ისტორიულმა ნემეზიდამ პასუხი მოსთხოვა მათ, ვინც ჩვენს სისხლსა სწოვდა 117 წლის განმავლობაში. ვინც ჩვენს უბედურობასა და მწუხარებაზე თავის ბედნიერებასა და სიხარულს აშენებდა.

დღეს საქართველო თავისუფალია. ნახევარმა წელიწადმა უსარგებლოდ და უნაყოფოთ არ ჩაიარა. განვლილმა ნახევარმა წელიწადმა ქართველ ხალხს შეაყვარა თავისუფლება, შეაყვარა დამოუკიდებლობა: ამის შემდეგ იგი უფრო მტკიცე ნაბიჯით ივლის, უფრო მეტს მხნეობას გამოიჩენს და ამაყად ყელმოღერებული გასწევს საერთო საკაცობრიო იდეალებისკენ, სხვებთან ერთად და სხვების თანასწორად.

არჩილ ჯაჯანაშვილი

 

არჩილ ჯაჯანაშვილი – ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი და მწერალი. სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი. დაიბადა 1885 წლის მარტს თბილისში. ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა რუსეთში, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1903 წელს, მთელი დარჩენილი ცხოვრება, მას შემდეგ, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. იყო პოლიტიკური მიმომხილველი, სალიტერატურო და თეატრალური კრიტიკის წარმომადგენელი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ტექსტოლოგი. 1912-14 წლებში ხელმძღვანელობდა „სახალხო გაზეთის“ გამოცემას, როგორც გამგე, გამომცემელი და რედაქტორი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და შემდგომში საქართველოს პარლამენტის წევრი. 1937 წელს „ფედერალისტთა ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

 

Related Articles

Back to top button