skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველოს რესპუბლიკის ახალი თავსატეხი: გერმანელები მიდიან, ბრიტანული ჯარები მოდიან

(გაზეთი „ერთობა“, N259, 29 ნოემბერი, 1918)

მოკავშირეთა პოლიტიკური ხაზი კავკასიაში

ბაქოს გაზეთებში დაბეჭდილია ბაქოში შემოსულ ინგლისის ჯარის უფროსის გენ. ტომსონის მოწოდება და ბრძანება, რომლებიც რამდენათმე ფარდას ხდიან ინგლისელთა პოლიტიკურ განზრახვებს კავკასიაში. ამ მოწოდებებში და ბრძანებებში ერთხელაც არ არის ნახსენები საქართველოს რესპუბლიკა, მაგრამ მთელი ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც მათშია გამოხატული, საქართველოსაც ეხება და ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

გენერ. ტომსონი აცხადებს, რომ ბაქოში შემოსულ ინგლისის ჯარს მიზნათ არა აქვს არც დაპყრობა, არც ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევა, რომ მისი მიზანია „საზოგადოებრივ წესიერების და მშვიდობიანობის დამყარება“, რომ იმ ქვეყანაში, სადაც იგი შემოდის, „მოკავშირეთ განზრახვა არა აქვთ თითონ შეინარჩუნონ თუნდაც ერთი ბიჯი რუსეთის ტერიტორიისა“, ინგლისის ჯარის უფროსი გვპირდება, რომ იგი „სრულიად თანასწორათ მოეპყრობა ყველა ერებს და ყველა სარწმუნოებას“.

სამწუხაროთ უნდა აღვნიშოთ, რომ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც გამოხატულია გენ. ტომსონის განკარგულებებში, თუ ის გატარდა სათანადო პირდაპირობით, უკვე შეიცავს ინგლისის ჯარის ჩარევას კავკასიის შინაურ საქმეებში და უკვე არღვევს იმ „თანასწორათ მოპყრობას“, რომელსაც სიტყვით გვპირდება გენ. ტომსონი. მთავარი მიზანი, რომელიც დაუსახავს ბაქოში შემოსულ ინგლისის ჯარს, ამნაირათ არის გამოხატული გენ. ტომსონის მოწოდებაში:

„ბრწყინვალე გამარჯვების ჟამს ჩვენ არ დავივიწყებთ იმ დიდ დახმარებას, რომელიც რუსის ხალხმა გაუწია მოკავშირეთა საქმეს მსოფლიო ომის პირველ წლებში. მოკავშირეთ არ შეუძლიან სახლში დაბრუნდნენ, სანამ რუსეთში არ აღადგენენ წესიერებას და მას არ შეაძლებინებენ დაიჭიროს თავისი შესაფერი ადგილი ქვეყნის სხვა ერთა რიგებში“.

ასეთია მთავარი მიზანი და როგორც პროკლამაციის ზოგიერთი ადგილებიდან სჩანს, ამ თვალსაზრისით უცქერის გენ. ტომსონი კავკასიის საქმეებსაც. იგი თვალებზე ხელს იფარებს და არ უნდა დანახოს ის ფაქტი, რომ რუსეთის დანაწილების შემდეგ მის ყოფილ ტერიტორიაზე დაარსდა მრავალი სახელმწიფო, რომ ზოგიერთ ამ სახელმწიფოს დაარსება აშკარა შედეგი იყო მოკავშირეთა დეკლარაციებში ხშირათ აღიარებულ „ერის თვითგამორკვევისა“. გენ. ტომსონს არ უნდა დაინახოს ის ცვლილებანი, რომლებიც მოხდა კერძოთ კავკასიის სინამდვილეში რუსეთის რევოლუციის დასაწყისიდან. მისი პროკლამაციების ტექსტი ამტკიცებს, რომ იგი ჯერ კიდევ „რუსეთის ტერიტორიათ“ სთვლის იმ რესპუბლიკების ტერიტორიას, რომლებიც კავკასიაში დაარსდა. „მოკავშირეთა ჯარების გაგზავნის მიზანია დაამყაროს საზოგადოებრივი წესიერება რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოთავსებულია შავსა და კასპიის ზღვებს შუა“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები? წარმოადგენს თუ არა, ეს ჩვენის ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევას? „საზოგადოებრივი წესიერება“ საქართველოს რესპუბლიკაში დაცული იყო ისე, როგორც არსად მთელ რუსეთში. ამ მხრივ ჩვენი რესპუბლიკა არ საჭიროებს არავითარს დახმარებას ინგლისის ჯარის მხრით. და თუ ინგლისის ჯარმა მაინც მოინდომა ჩვენს საქმეებში ჩარევა, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალათ მაცხონეობა დახმარებათ ვერ ჩაითვლება.

გენ. ტომსონის ერთ მოწოდებიდან სჩანს, რომ მას არც ის მოსწონს, რომ კავკასიაში დაარსებულმა სახელმწიფოებმა რესპუბლიკანური ფორმა აირჩიეს. ეს სახელმწიფოებრივი ფორმა მისი აზრით, ხელოვნურათ არის შექმნილი გერმანიის და ოსმალეთის ჯარების მიერ: ეს ჯარები „მხარს უჭერდნენ რესპუბლიკანურ მისწრაფებათ და ამით თავიანთ საკუთარ მიზნებს ახორციელებდნენ“, ნათქვამის გენ. ტომსონის პროკლამაციაში.

ჩვენი ვალია გადაჭრით გამოვუცხადოთ ინგლისის გენერალს, რომ ჩვენი სახელმწიფოს რესპუბლიკანური ფორმა ჩვენი ხალხის მიერ თავისუფლათ და ერთსულოვნათ არის ამორჩეული, რომ არ არის ძალდატანების ნაყოფი. – პირიქით, თუ კი რაიმე გარეშე გავლენაზე შეიძლება ლაპარაკი, ეს გავლენა რესპუბლიკანურ წესის წინააღმდეგ იყო მიმართული და მის სასარგებლოთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოკავშირეთა სახელმწიფონი, რომ რესპუბლიკა მიგვაჩნია ჩვენ ერთად ერთ მისაღებ სახელმწიფოებრივ ფორმათ და, ვინც მოისურვებს მოგვახვიოს სხვა რამ სახელმწიფოებრივი წესი, იგი ჩაიდენს აშკარა ძალადობას ჩვენი ხალხის მიმართ.

გენერალი ტომსონი უცხადებს კავკასიის ხალხს „ჩემ მიერ“ გამოცემული ბრძანებანი რაც შეიძლება ნაკლებ შეავიწროებს მცხოვრებთო: თუ მას სურს საქართველოს რესპუბლიკის მცხოვრებლებმა ინგლისის ჯარის მოქმედება არ მიიჩნიონ ძალადობათ, შევიწროვებათ და თავის უფლებები ფეხქვეშ გათელვათ იგი არ უნდა წავიდეს იმის წინააღმდეგ, რაც ერის სურვილს შეადგენს და არ უნდა შეეხოს არც იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ერმა აღიარა „თვით გამორკვევის“ უფლების ძალით, არც იმ სახელმწიფოებრივ ფორმას, რომელიც ერმა აირჩია თავისუფლად და ერთსულოვნად.

ყველაფერი ეს მტკიცედ უნდა ეცნობოს კავკასიაში შემოსულ მოკავშირეთა ჯარებს და მათ მთავრობებს. ეს უნდა ეცნობოს მოკავშირეთა სახელმწიფოების დემოკრატიას, რომელთანაც ჩვენ სულიერეთ დაკავშირებულნი ვართ.

მსგავსი/Related

Back to top button