რესპუბლიკის ამბები

1918: რესპუბლიკა სამაჰმადიანო საქართველოს შემოერთების მოლოდინში

(გაზეთი „საქართველო“, N224, ნოემბრის 22, 1918)

 

სამაჰმადიანო საქართველო

ევროპის ომის ცეცხლი თანდათან ჰქრება, მაგრამ დაქრობილ ცეცხლზე უფრო ანათებს ახალი ალი ეროვნულ რევოლუციების და ხალხთა თავისუფლებისა. ბერლინის და პარიზის ქუჩებზე მანიფესტაციებს ერთნაირი სიხარულის და გამარჯვების ელფერი აქვთ.

თუ ფრანგები ელზას-ლორენის შეერთებას დღესასწაულობენ, გერმანელები რესპუბლიკის მოპოებასთან ერთად გერმანული ავსტრიის შემოერთებას შეჰხარიან.

ევროპაში არ დარჩენილა არც ერთი ეროვნება, რომლის დროშაც არ იყოს გამარჯვებით აშვებული და არ დღესასწაულობდეს ეროვნულ აღორძინებას.

ამ დიდი ამბების ჩრდილი კავკასიასაც დაადგა. ოსმალეთი, რომელიც იმ თავითვე თავს ადგა კავკასიის ერებს, როგორც ბებერი ჯალათი, დაგვიანებით, მაგრამ მაინც თავის დროზე დასჯილია. მისი შინაგანი მოდუნება და საგარეო საქმეების არევა გულისხმობს, რომ ოსმალეთის იმპერიალიზმი სამუდამოთ დაღუპულია და პოლიტიკურ ანგარიშში თითქმის მისაღები არ არის.

სომხებმა კიდეც იგრძნეს თავიანთი დაჭრილი სხეულის გამთელება და აღარ მალავენ სიხარულს; მხოლოდ საქართველო ვერ ერევა ამ ფერხულში და კიდევ ინახავს გულში სიმწარეს.

საქრისტიანო საქართველომ თუმცა დააღწია თავი რუსეთის ბატონობას და იმედიც არის, რომ ეს განთავისუფლება სამუდამოა, მაგრამ საქართველოს სხეული ჯერ კიდევ არ არის გამთელებული და ამიტომ თავისუფლებაც ვერ ანათებს ისე, როგორც შეეძლო სხვა დროს გაენათებია.

საქრისტიანო საქართველო მონობის დროსაც თავისუფალი იყო სულიერათ, იქ იმდენად მომწიფებული იყო შინაგანი გრძნობა ეროვნული შეგნების და სახელმწიფოებრივი ტრადიციების, რომ როგორც კი შესაფერისი პირობები ნახა დაგუბებულმა ენერგიამ, მაშინვე ამოხეთქა ახალ სიცოცხლისთვის.

მხოლოდ უწინაც და დღესაც სამაჰმადიანო საქართველოს ბედი გამოურკვევლობის ბურუსშია.

ოსმალეთის გამხრწნელმა, ყიზილბაშურმა პოლიტიკამ თავისი გაიტანა, მაჰმადიანი ქართველები ვერ გრძნობენ თავს ქართველებათ და მათი ეროვნული შეგნება მთვლემარეა.

ყველა სიმწარეზე, რაც საქართველოს უნახავს ოდესმე, უმწარესი იყო ის დღეები, როცა ოსმალეთის აგენტების წყალობით ქრისტიან ძმებზე აამხედრეს მაჰმადიანი მესხები; ჩვენ არასდროს მოვიგონებთ ამ წამებს სასაყვედუროდ; სხვანაირი მოქცევა შეუძლებელი იყო მაჰმადიან ქართველებისაგან, როცა ისინი იმყოფებოდენ ისეთ გავლენის ქვეშ, როგორც ოსმალეთის ბაში-ბუზუკები და რამდენიმე მათგან მოსყიდული ქართველი ბეგები, რომელნიც შეგნებულად ღალატობდნენ კიდეც საქართველოს.

ეს წარსულის ამბავია: საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთი ეპიზოდი.

დღეს მეორედ დგება ქართული პოლიტიკის წინ სამაჰმადიანო საქართველოს პრობლემა.

ეს საკითხი, თუ ეხლავე არ გადაწყდა, როგორც საჭიროა, მაშინ ის სამუდამო იარათ დარჩება საქართველოს და შეუძლებლათ გახდის ეროვნულ აღორძინებას.

ფაქტიურათ საქმე ასეა:

ინგლისელებთან დადებულ ზავის თანახმათ ოსმალებმა უნდა დასცალოს წართმეული პროვინციები. როგორც სხვა და სხვა ცნობებიდან ვტყობილობთ – ევაკუაცია თითქო ხდება კიდეც, მაგრამ ამ მხარეში ხელახლა იმბება პროვოკაციის ქსელები. ბათომში მოღვაწეობენ რუსი ოფიცრები, რომელნიც ოსმალეთის ჯამაგირს იღებდენ და ოსმალების წასვლის შემდეგ რუსულ პოლიტიკას აწარმოებენ. დაცლილ ადგილებს, როგორც მთის ზვავი აწვება სომხების ლტოლვილთა ბრბო, რომ დაიჭირონ მიტოვებული ადგილები; და ამ დროს ქართველების შესახებ არაფერი ისმის.

ჩვენი მთავრობა მხოლოდ იმას უნდება, რომ უარყოს სომხების პროვოკაციები ლტოლვილთა დახოცვის შესახებ; სომხებმა მოასწრეს კიდეც ისეთი ატმოსფეროს დაყენება, რომ შეუძიათ რაც უნდა ჰქნან ამ პროვინციებში; მათ დამშლელი არავინ ეყოლება… იმათ უნდოდათ ქართულ მთავრობის ტერორის მოხდენა და რამდენიმეთ მიზანს მიაღწიეს კიდეც.

მაჰმადიანების ყუმბარებიც ვერ უშლის ლტოლვილებს ამ ადგილების დაკავებას, ასე, რომ როცა საქართველოს მთავრობა დიპლომატიურ მოლაპარაკების შემდეგ შეეცდება ამ მხარეშ შესვლას, იქ ადგილები უკვე დაკავებული გამოდგება და მანამდი ქართველი ლტოლვილები მართლა დაიხოცებიან ბაკურიანის ტყეებში.

ოსმალეთი მართლაც იძულებული იქნება დასცალოს ეს ადგილები, მაგრამ იქ საკმაოთ დარჩებიან კიდევ მისი აგენტები, რომელიც განაგრძობენ ალბათ ნაჩვევ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, და თუ საჭირო გახდა ხელახლა რეფერენდუმი, არც მისი შედეგი იქნება მოულოდნელი, როგორც უწინ იყო.

ჩვენ წინაც არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ ს.-დემოკრატების აგიტატორებმა რევოლუციის დროს უფრო წაახდინეს საქმე სამაჰმადიანო საქართველოში. რამდენიმეთ ამის შედეგი იყო აჭარლების საქმე ბათომთან. ამის შემდეგ სოციალდემოკრტებმა ბევრი შეცდომები გაასწორეს და ამ ერთ წელიწადში ჭკუაც ისწავლეს: ისინი არ დაივიწყებდნენ ალბათ ბათომის გამოცდილებას.

დღეს ქართულ პოლიტიკას უფრო დიდი საქმე არა აქვს, როგორც სამაჰმადიანო საქართველოს დაბრუნება და მისი საქმის მოწესება… როცა საქართველო მაჰმადიან ქართველებს დაელაპარაკება, როგორც სახელმწიფო და მესხეთში აგიტატორების მაგიერ მცოდნე და დამაჯერებელი ხალხი გამოჩნდება – მაშინ შეიძლება შედეგი მივიღოთ.

ალბათ თვითონ ქართველი მაჰმადიანებიც დარწმუნდნენ ოსმალეთის ორპირობაში და მოღალატე პოლიტიკაში; ამ გამოცდილებას ისინიც გამოიყენებენ.

ყოველ შემთხვევაში მორიგი საკითხია სამაჰმადიანო საქართველოს ბედი, მის სწორ გადაჭრაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი.

მსგავსი/Related

Back to top button