ახალი ამბები

მოსკოვში ლავროვისა და მედოევის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 12 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრი მედოევს შეხვდა, რომელიც 11-13 ნოემბერს სამდღიანი ვიზიტით მოსკოვს სტუმრობს.

შეხვედრამდე პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ორ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა“ ურთიერთობების „სამეკავშირეო სულისკვეთებას“ ასახავს.

ლავროვმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის ჭრილში „ქმედებების შემდგომი კოორდინაციის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს კოორდინირებულ კურსს იმისათვის, რომ მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში ჩვენი მოკავშირეების საიმედო უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ცხინვალთან მოსკოვის შეთანხმებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებებს „პირდაპირი და სერიოზული მნიშვნელობა აქვთ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, „მათი გადაადგილების გამარტივებისა და სამედიცინო დაზღვევის მიღების თვალსაზრისით“.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა. დღემდე, ორი რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონში დარჩენილ თითქმის ყველა მცხოვრებს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

თავის მხრივ, დმიტრი მედოევმა ლავროვს მისი „პირადი წვლილისთვის სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების საქმეში“, ასევე და მოსკოვის მიერ რეგიონის აღიარებისთვის და მისი „ყოვლისმომცველი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის“, მადლობა გადაუხადა.

„სამხრეთ ოსეთი აფასებს რუსეთთან თანამშრომლობას. რუსეთს ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ახლოსაა როგორც სულიერად, ისე ისტორიულად“, – განაცხადა მედოევმა და დასძინა, რომ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება „[ცხინვალის] საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში დგას“.

მოსკოვში მედოევმა „რუსეთში სამხრეთ ოსეთის საელჩოს“ ახალი შენობაც მოინახულა, რომელიც ცხინვალს ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის 2017 წლის ნოემბერში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაეცა. მედოევმა ლავროვი და რუსეთის კიდევ ორი ოფიციალური პირი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და დსთ-ის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პავლოვსკი „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“ მედლებით დააჯილდოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button