ახალი ამბები

განახლებული: არასამთავრობოები ხელისუფლებას არჩევნების წინ მასშტაბური სოციალური პროგრამების წარდგენისგან თავის შეკავებას ურჩევენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ „ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების“ წარდგენა ბიუჯეტის „საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის ხასიათს“ ატარებს და „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს“.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. TI მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ისეთი სოციალური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომელიც სოციალურ დახმარების ოდენობას არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდის, არამედ „ხელს შეუწყობს სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას“.

„ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

[11 ნოემბერი] ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტურის წინ სოციალური პროგრამების წარდგენისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც“ (ISFED). განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ 11 ნოემბერს გაავრცელა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების წინ დაანონსებული ახალი პროექტებია წარმოდგენილი.

„ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ინიციატივები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა“, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

სამართლიან არჩევნებში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება „საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით მკაცრად არის დაგმობილი“, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტი ან სხვა რესურსი არჩევნებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით არ უნდა გამოიყრენოს. ISFED განცხადებაში მსჯელობის გასამყარებლად, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 5.4 პუნქტი მოჰყავს, რომელიც „ავალდებულებს სახელმწიფოებს შეინარჩუნონ მკაფიო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, კერძოდ, პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს გაიგივებული სახელმწიფოსთან“.

სამართლიანი არჩევნები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ საბიუჯეტო სახსრების იმგვარად განკარგვისგან თავი შეიკავონ, რომელიც, შესაძლოა, საარჩევნო მიზნებისთვის რესურსების გამოყენებად იყოს აღქმული.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სოციალური პოლიტიკის ცვლილებებზე და ამ კუთხით დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის პროგრამაზე უკვე ორჯერ ისაუბრა. წინასაარჩევნოდ, რამდენიმე სოციალური ხასიათის ინიციატივა მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც გააჟღერეს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში, ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button