TI საქართველო: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები აუარესებს არსებულ წესებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში „არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის არცერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციას“, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ დანიშვნასა და ბიუროსთვის გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას, და ასევე „აუარესებს არსებულ რეგულაციებს და კითხვებს აჩენს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე“. ორგანიზაციის თქმით, ცვლილებები „რიგ შემთხვევაში, ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ევროკომისიის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა“.
კერძოდ, ორგანიზაცია ცვლილებებში შემდეგ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას:
პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება
ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია. იმ შემთხვევაში, თუ პარტია ბიუროს 2 კალენდარული წლის განმავლობაში ფინანსურ დეკლარაციას არ წარუდგენს ან ზედიზედ 2 წლის განმავლობაში წარდგენილ დეკლარაციაში ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი, პარტიის დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, TI საქართველო აცხადებს, რომ „პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც „პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს“. ორგანიზაციის თქმით, ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს პარტიის გაუქმებას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ან იმ საფუძვლით, რომ ფინანსური დეკლარაცია არ წარმოუდგენია ან ზედიზედ ორი წლის განმავლობაში პარტიას შემოსავალი და ხარჯი არ ჰქონია, „როგორც ფორმით, აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.
გარდა ამისა, ცვლილებები ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს ფიზიკური პირის გამოკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის გამოთხოვა, რაც ამ ცვლილებების დანიშნულებისა და საჭიროების შესახებ გარკვეულ კითხვებს აჩენს.
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან წვდომა
მიღებული ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, როგორიცაა მონაცემი, რომელიც უკავშირდება პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას.
ორგანიზაციის თქმიკთ, აღნიშნული ცვლილება თავდაპირველად ინიციირებულ ვერსიაში არ იყო, და შესაბამისად, „ამ ცვლილების საჭიროება განმარტებით ბარათში მოცემული არ არის“.
დეკლარაციების საჯაროობის შეზღუდვა
მიღებული ცვლილებების თანახმად, თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება ამ თანამდებობის პირის დეკლარაცია ხარვეზის აღმოფხვრამდე ორ თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს და ამასთან, მასში ასახული ინფორმაცია არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს.
„ეს ცვლილება ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგან დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის დაწესებული გამონაკლისი
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში შევა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უწყების ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, ასევე დანამატების, შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრისთვის მთავრობის თანხმობა აღარ დასჭირდება.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემა
ახალი ცვლილებებით, საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო „შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2024 – TI საქართველო: ანტიკორუფციული ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
- 19/12/2023 – ვენეციის კომისია: ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არსებული სახით არასაკმარისია
- 01/09/2023- პარტიების ფინანსური აუდიტი ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაიბარა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)