ძველი ამბები

1918: „სახალხო საქმე“ სოციალ-დემოკრატებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

1918 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ახლადდაბადებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ერობის, ანუ თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. მაშინდელ პრესაში, ამდენად, ხშირად შეხვდებოდით წერილებსა და სტატიებს საარჩევნო თემატიკაზე. 1918 წლის 22 ოქტომბრის ნომერში „სახალხო საქმე“, საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანო, მკაცრად აკრიტიკებდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ადანაშაულებდა მას არჩევნების გაყალბებაში, სხვა პარტიების აზრის გაუთვალისწინებლობაში, მილიციონერებისა და ადმინისტრაციული რესურსის პოლიტიკურ გამოყენებაში და სხვ. 

 

(„სახალხო საქმე“, 22 ოქტომბერი, 1918წ., N363)

ტფილისი, ოქტომბრის 22.

სოციალ-დემოკრატების პოლიტიკა

ჩვენს გაზეთში უკვე აღვნიშნეთ ის რყევა რომელსაც განიცდის თითქმის ყოველ პოლიტიკურ საკითხში საქართველოს სოციალ-დემოკრატია. აღვნიშნეთ აგრედვე იმის მნიშვნელობა, რაიცა ჰქონდა პარლამენტში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის რუსულ ენის გამეფებას, მეორე მხრით სიმპტომატიური იყო აგრედვე ის ატმოსფერა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში ტფილისის უმაღლეს კურსებისათვის ორმოცდაათ ათის მანეთის გადადების საქმის განხილვის დროს.

საზოგადოდ ამ ბოლო დროს სოციალ-დემოკრატიას ეტყობა ძველი ავადმყოფობის მობრუნება. იგი სცდილობს ისევ განდგომას და სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკის წარმოებას. ასეთი მიდრეკილება ეტყობა ცენტრს ძლიერ სუსტად. ხოლო რა ჰხდება პერიფერიებში, ეს ყველამ უწყის. რა ჰხდება, მაგალითად იმ რაიონებში, სადაც რაიმე მიზეზით საერობო არჩევნებში შეთანხმება არ მომხდარა? ძველი რეჟიმის მოგონება ლანდიღაა იმ ძალადობასთან, რომელსაც მიმართავენ სოციალ-დემოკრატები მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჰხდება პირდაპირ ბოროტმოქმედება ასეთის ხასიათისა. საარჩევნო კომისიაში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, ან სულ სოციალ-დემოკრატებისაგან შედსგებოდა ეს კომისიები. და აი, როცა ხალხი გულგრილობის გამო არ მიდიოდა საარჩევნო ყუთებთან, სოციალ-დემოკრატები სიების მიხედვით ჰყრიდნენ თავის ბიულეტენიან კონვერტებს ყუთში და ჰქმნიდნენ სურათს, თითქოს ხალხი მონაწილეობას გულმხურვალედ იღებდა არჩევნებში. ამისთანა ამბავი დატრიალდა მაგალითად ახალ-ქალაქის (გორის მაზრა) რაიონის მრავალ კუთხეში და კერძოდ სოფ. კავთისხევში, სადაც ჩვენმა წარმომადგენელმა პროტესტიც განაცხადა. ასეთი საქციელი ძირიან ფესვიანად ეწინააღმდეგება უბრალო დემოკრატიულ სინდისიერებას და ხალხის შეურაცხყოფაა. რა აღზრდა, რა მაგალითი უნდა იქმნეს იმ მასისათვის, რომელიც ამისთანა ბოროტმოქმედებას აშკარად ჩადენილს – ჰხედავს? ძლიერ უნდა ეზიზღებოდეს და მაღლიდან დაყურებდეს ხალხს ის ჯგუფი, რომელიც ამისთანა პროფანაციას არ მოერიდება კენჭების საშოვნელად. განა გასაკვირველი იქნება ჩვენში არევ-დარევა, ანარქია და ბოროტება გამეფდეს – როცა ხელმძღვანელი პარტიის ჯგუფები ასე შელახავენ პოლიტიკურ სინდისიერებას და ზნეობას? სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამისთანა შემთხვევებს და ხალხს მთლად არ დაუკარგონ ფასი პოლიტიკურ ბრძოლას და პოლიტიკურ მიმართულებებს, რაიცა ბოლოს და ბოლოს მათთვისაც სახეირო არ იქნება. საამისოდ გამოცდილება უკვე მოგვცა დუშეთის და სამეგრელოს ამბებმა. ფრთხილად ბატონებო! ნუ უკარგავთ ხალხს ყოველგვარ რწმენას და მიეცით მაგალითი როგორც პოლიტიკური რიგიანობის, ისე ზნეობისა.

სამწუხაროდ ასეთ პოლიტიკას სოციალ-დემოკრატიის მთავარი ორგანოები არამც თუ არ ებრძვიან, ყურადღებასაც არ აქცევენ. მილიციონერების და მთელი ადმინისტრატიული აპარატის ხელში ჩაგდებით მათ საშუალება მიეცათ დანიშინებული ხალხი დაემორჩილებინათ და როცა უმრავლესობა დაინახეს საერობო არჩევნები – ტონი შესცვალეს. ვარწმუნებთ ბ-ნ სოციალ-დემოკრატებს, რომ ეს ხმებიც ისეთი ფიქტიური იქნება, როგორიც აღმოჩნდა დამფუძნებელ კრების ცნობილი პირველი ნომერი, რომელსაც ერის 90 პროცენტმა მისცა ხმა. ასეთი სუროგატიული არჩევნების შემდეგ მოხდა იარაღით შებრძოლება იმ ელემენტებთან, რომელიც სოციალ დემოკრატიის ლაშქარს შეადგენდა მუდამ. და თუ ამ პარტიამ ამ გზით იარა – უარესსაც უნდა მოველოდეთ, ხოლო რომ მათი ცვლილება უკუღმა მხრისაკენ მიდის, ამის ნიშნები სჩანს, როგორც აღვნიშნეთ, არა მარტო სოფლად და ქალაქად, პარლამენტში, არამედ მთავრობაშიაც.

როდესაც, კერძოდ ჩვენი ამხანაგები შედიოდნენ სამინისტროში რასაკვირველია ადგილები არ ეინტერესებოდათ. ჩვენ ვფიქრობდით რომ ამ განწირულების ჟამს უეჭველად საჭიროა ეროვნულ და რევოლიუციონურ ფრონტის მთლიანობა. ჩვენ შეგვეძლო სამინისტროში არ შევსულიყავით და ისე ყოველგვარად დავხმარებოდით მთავრობას. მაგრამ ეს მძიმე ტვირთიც წამოვიკიდეთ იმ შეგნებით, რომ ეს საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ვიცოდით, რომ პარლამენტარიზმი მოითხოვს სამინისტრო შესდგებოდეს უმრავლესობის პარტიისაგან. მაგრამ რაკი აღიარეს საჭიროდ, ჩვენც დავთანხმდით იმ იმედით, რომ მართლადაც უმცირესობის ინტერესები დაცულ იქმნებოდა. ეს იმედი არ გვიმართლდება და სოციალ-დემოკრატები განკერძოების გზას ადგებიან მაშინ, როცა შეიდერმანი იმპერატორ ვილჰელმს უწვდის ხელს. უმცირეს პარტიების სამინისტროები გარიყულნი არიან და თითქმის დევნილნი. სულ მცირე შესწორებანიც კი ყოვლად მიუღებელი ჰხდება სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობისათვის. დავასახელებთ სულ მცირე საკითხს. ამ დღეებში გაირჩა საკითხი ბიბლიოთეკა სამკითხველოების გახსნისა. მისი მოწყობა, პატრონობა და სხვ. თითქმის მილიციას ჩააბარეს. განათლების სამინისტროსათვის გადაცემა ამ საქმისა, რაიც სრულიად ბუნებრივი და მართებული იქმნებოდა, უარყოფილ იქმნა, ნუ თუ ეს საარჩევნო კომპანიისათვის მზადების ხრიკია? შეეფერება ეს ჩვენს რთულ მდგომარეობას ასეთი აბრუნდი, შესძლებენ საქართველოს შენებას ასეთი პოლიტიკით? ვეჭვობთ.

დანასკვისათვის: სოციალ-დემოკრატია სცდილობს გარიყოს ყოველი მხრით სხვა ჯგუფები და მათ შორის ისინიც, რომელნიც მათთან კონტაქტში არიან. ამის სიმპტომები ბევრია და ჩვენ მას შესაფერისად ვაფასებთ, თუ ასე გაგრძელდა – შესაფერისი დასკვნის გამოტანაც ადვილი იქნება და სოციალ დემოკრატიამ უნდა იკისროს მთელი პასუხისმგებლობა ხალხის და რესპუბლიკის წინაშე. სასარგებლო იქნება თუ არა ასეთი კომბინაცია ჩვენი ქვეყნისათვის – ამას ახლო მომავალი დაგვანახვებს.

Related Articles

Back to top button