არჩევნები 2018ახალი ამბები

ოპოზიციური კანდიდატები არჩევნების გაყალბების მცდელობებზე საუბრობენ

ოპოზიციური კოალიციისა და ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების „მასობრივად გაყალბებისთვის“ ემზადება და ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას, ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებს დამაჯერებლად იგებს, თუმცა დასძინა, რომ მმართველ პარტიას ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა სურს.

„ასობით შემთხვევა არის უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა, ასობით შემთხვევა არის უკვე დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა. 5-დან 8 საათამდე, ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას“, – განაცხადა ვაშაძემ და დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა „იყავით რაც შეიძლება ფხიზლად“.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძე ასევე სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ყველა სიმპტომი და პროცესის მიმდინარეობა ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს“.

„ამის ნიშანია ის, რომ დაგვიბრუნდა ცუდი გაგებით, ისეთი დარღვევები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგალითად შევარდნაძის დროინდელი კარუსელების მცდელობები, განსაკუთრებით კი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“, – განაცხადა მან.

„ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ხელისუფლება ნერვიულობს და ძალიან საფუძვლიანად ნერვიულობს იმის თაობაზე, რომ ამ არჩევნებზე რეალურად არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი და ალბათობა ოპოზიციის გამარჯვების“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „მიუხედავად დარღვევებისა, პროცესი მიდის კარგად, პროცესი მიდის ოპოზიციის სასარგებლოდ და დაგვრჩა რამდენიმე საათი, რომ ეს პროცესი დავასრულოთ“.

საარჩევნო უბნები დღეს ზუსტად 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button