skip to content
ახალი ამბები

ევროპულ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს

პარტია ევროპულმა საქართველომ თბილისში, ჰუალინგის ცენტრში 10 აპრილს გამართულ  ყრილობაზე ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი – გიგი წერეთელი აირჩია, რომელმაც ამ პოსტზე გიგა ბოკერია შეცვალა.

ბოკერიას წინამორბედმა, დავით ბაქრაძემ, რომელსაც ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი 2017 წლიდან ეკავა და აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თანამდებობები 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგების გამო დატოვეს. მათ გუშინ ისიც განაცხადეს, რომ პარტიულ თანამდებობებთან ერთად, თავად ევროპულ საქართველოსაც ტოვებენ და ამის მიზეზად გიგა ბოკერიასთან უთანხმოება დაასახელეს, რომელმაც მათივე თქმით, პარტიის მმართველი რგოლიდან განზე გადგომა არ ისურვა.

პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიისთვის და ქვეყნისთვის გამოწვევებით სავსე დროს ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებებს „მცდარი“ და „სამწუხარო“ უწოდა.

ქვეყანის კრიზისიდან გამოსვლისა და სამომავლო განვითარების მთავარ წინაპირობებად ბოკერიამ ეკონომიკური თავისუფლება, კერძო საკუთრება, ადამიანის თავისფულება, დამოუკიდებელი სასამართლო და ისეთი მთავრობა, დაასახელა, რომელიც „ემსახურება მოქალაქეებს თანასწორად, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ჯგუფის წევრია ის“.

არაერთგზის მოიხსენია რა „პუტინის რუსეთი“ ქვეყნის მთავარ მტრად, გიგა ბოკერიამ თქვა – „ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, რომ თავისუფალი ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც არის დაცული გარე მტრისგან და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის, თავისუფალი სამყაროს, ნატოს და ევროკავშირის წევრი და შეერთებული შტატების მთავრი პარტნიორი მთელ ამ რეგიონში“.

„ჩვენ ყველას გვმართებს გაასმაგება ძალისხმევის, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ თითოეულ ოჯახში, რომ იმაზე ასჯერ უკეთ და ენერგიულად ვიმუშაოთ, რომ ყველას ავუხსნათ, რაში ვხედავთ გამოსავალს ამ ქვეყნის კრიზისიდან [გამოყვანაში] და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ“, – დაამატა მან.

ყოფილმა ლიდერებმა პარტია დატოვეს და ბოკერია გააკრიტიკეს

„ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ“, – თქვა გიგი უგულავამ, რომელმაც ევროპულ საქართველოში პარტიული თანამდებობა და თავად პარტიაც ერთდროულად დატოვა.

„პატივს ვცემ გიგა [ბოკერიას] აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს. დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და, შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში“, – განაცხადა პარტიის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველო ასევე დატოვეს გივი თარგამაძემ, გიორგი გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა.

დავით ბაქრაძემა და გიგი უგულავამ პარტიული თანამდებობებიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 12 თებერვალს განაცხადეს. მანამდე, იმავე დღეს, პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააჟღერა.

დეკემბერში, პარტია პირველმა ელენე ხოშტარიამ დატოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა.

ევროპული საქართველო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2016 წლის საპარალმენტო არჩევნების შემდეგ მალევე, 2017 წლის იანვარში გამოეყო. პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და მიღებული ხმების 3.79%-ით პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა და ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაცინალური მოძრაობის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button