ძველი ამბები

1918: ქუთაისელი და თბილისელი ებრაელების დაპირისპირება პარლამენტში წარმომადგენლობისათვის

(გამოქვეყნდა გაზეთ “სახალხო საქმეში”, 11 ოქტომბერი, 1918, N355)

 

საქართველოს რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს

აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობა. ქუთაისი

უხსოვარ დროიდან ქართველი ებრაელები სცხოვრობდნენ საქართველოში ქართველ ქრისტიანებთან ძმობასა და მეგობრობაში. ენისა და ზნეჩვეულების ერთობა და სამშობოსადმი სიყვარული არ უშლიდა ორთავეს დაეკავებინათ თავიანთი სჯული და თაყვანი ეცათ თავიანთ წინაპრების სარწმუნოებისათვის. როდესაც ყველა ერებმა მიიღო უფლებათ თვითგამორკვევისა და საშუალება მოეცა თავისუფლად მოაწყოს თავიანთი სასულიერო თემური ცხოვრება, ქართველი ებრაელები, როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქები, მოვალეობად სცნობენ: იზრუნონ თავიანთი სამშობლო, საქართველოს რესპუბლიკის, კეთილ მომავალზე, მხოლოდ მას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და ქონება, და ყოველგვარ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური, ეკონომიური და საზოგადოებრივ საკითხებში იარონ თავიანთ მოძმე ქართველებთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდულნი. რაიცა შეეხება შინაურ სასულიერო-თემურ და კულტურულ-რელიგიურ ცხოვრების მოწყობას, ქართველი ებრაელები მტკიცედ დაადგებიან თავიანთ წინაპრების აღთქმა-ტრადიციებსა და ებრაელთა სარწმუნოების კანონებზე; როგორც იყო აქამდის ისე უნდა დარჩეს მომავალ დროისთვისაც.

აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობამ გაიგო რომ ქ. ტფილისის ებრაელთა სამრევლო კომიტეტი იწვევს საქართველოს ებრაელთა ეროვნულ ყრილობას ებრაელთა ეროვნულ საბჭოს შექმნის და სხვა კითხვათა მოსაგვარებლად. ამიტომ აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობა ვალად რაცხს თავის თავს განაცხადოს, რომ მას (აგ. ის.), როგორც გამომხატველს ქართველ ებრაელთა დიდი უმრავლესობის სურვილებისა, არაფერი საერთო არა აქვს ქ. ტფილისის ებრაელთა სამრევლო კომიტეტთან და სრულიად არ თანაუგრძნობს ამ უკანასკნელს, რომელიც თავის ნებით და სრულებით სხვის დაუკითხავად იკუთვნებს საქართველოს ებრაელთა ყრილობის მოწვევის უფლებებს.

ამასთანავე აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობა აცხადებს პროტესტს ქ. ტფილისის ებრაელთა სამრევლო კომიტეტის მოქმედების წინააღმდეგ. კომიტეტი, როგორც ადგილობრივი დაწესებულება, უნდა მოქმედობდეს მხოლოდ თავის კომპეტენციის საზღვრებში, მაგრამ ეს ზემოხსენებული კომიტეტი, ზოგიერთ საკითხების გადაჭრის დროს, რომელიც ეხება ქართველ ებრაელების ცხოვრებას, გამოდის როგორც მთელი ებრაელა ეროვნული ორგანო და განზრახ გადადის თავის უფლებათა წრიდან. სრულიად რუსეთის ებრაელთა ყრილობის წარსულმა დელეგატთა არჩევნებმა რომელიც არ შესდგა პოლიტიკური მდგომარეობის გართულების გამო, უკვე გვაჩვენეს, რომ 90 პროცენტმა მთელ ქართველ ებრაელებისამ მისცა ხმა ჩვენი საზოგადოების სიას N9. ამიტომაც ქ. ტფილისის სამრევლო კომიტეტს შეშვენოდა უფრო ფრთხილად მოპყრობოდა საერთო ებრაელთა საკითხს და უფრო შემოკლებულ მასშტაბით მოქმედება, განესაზღვრა თავის მოქმედების რაიონი ქ. ტფილისით.

ვაცხადებთ რა პროტესტს ტფილისის ებრაელთა სამრევლო კომიტეტის მოქმედების წინააღმდეგ, აგუდათ ისრაელთა საზოგადოების გამგეობა თავის მხრით იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მათ მიერ მოწვეულ ებრაელთა ყრილობისას ქ. ტფილისში.

აგუდათ ისრაელთა საზოგადოება ქართველ ებრაელთა სახელით გულწრფელად მიულოცავს საქართველოს პარლამენტის დადგენილებას, რომლითაც ქართველ ებრაელებს ეძლევა საქართველოს პარლამენტში ორი ადგილი, რომლებსაც სულ ახლო მომავალში დაიკავებენ ჩვენი წარმომადგენელნი, ამიტომ ვსთხოვთ საქართველოს პარლამენტს არ გადასცეს ქართველ ებრაელთა ადგილები დელეგატებს, რომლებსაც წამოაყენებს ის ვითომდა ეროვნული ყრილობა, რომელსაც იწვევს ტფილისის ებრაელთა ეროვნული საბჭო, მით უმეტეს რომ, რამდენადაც ჩვენ ვიცით ასეთი საბჭოები ქართველ ებრაელებში სრულიადაც არ არსებობენ.

გამგეობის თავმჯდომარე: მ. ფიჩხაძე. მდივანი: ი. ციციაშვილი. სასულიერო მმართველობა: ი. გაგულაშვილი, ა. ბუზიაშვილი. ქუთაისის ებრაელების რაბინი: რეუბენ ელუაშვილი, თანაშემწე ქუთაისის რაბინისა: მოშე რიჟინაშვილი.

ოქტომბრის 6.

 

 

რევოლუციისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში განსაკუთრებით გამძფრდა იდეოლოგიურ შეხედულებათა სხვადასხვაობა ქართველ ებრაელებში, მათ შორის, ქუთაისის ებრაელებშიაც. ქუთაისის ებრაელები საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. 1917 წლის შემოდგომაზე ქუთაისში ორთოდოქსალურმა სასულიერო პირებმა და მათმა მიმდევრებმა, მსოფლიოს ებრაელთა ორთოდოქსალურ წრეებში გავრცელებულ„აგუდათ ისრაელის“ მსგავსად, საკუთარი „აგუდათ ისრაელი“ დააარსეს, რომლის თავმჯდომარედ ცნობილი ქუთაისელი ვაჭარი მარდახა ფიჩხაძე აირჩიეს.

1918 წლის შემდგომისათვის ებრაელთა თემში დაპირისპირებებმა პოლიტიკური ბრძოლის სახე მიიღო, რაც უკავშირდებოდა საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობის საკითხს. დიდი კამათის შემდეგ პარლამენტმა დაადგინა, რომ დეპუტატებად ეცნოთ ისრაელთა ინტერპარტიული საბჭოს, ქუთაისის ქართველ ისრაელთა საზოგადოებისა და სასულიერო მმართველობის მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი – ა. ბუზიაშვილი და მ. დავარაშვილი.

„აგუდათ ისრაელი“ დაპირისპირებული იყო სიონისტურ მოძრაობასთანაც (დავით ბააზოვის ფრთა) და ასევე, ასიმილაციონიზმის მომხრე ებრაელებთანაც (ხახანაშვილების ფრთა). ორგანიზაცია მხარს უჭერდა ქართველი ებრაელების საქართველოსთან მტკიცე კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას.

Related Articles

Back to top button