Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: რესპუბლიკის პრესა ეხმაურება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს

(საქართველოს რესპუბლიკა, 6 ოქტომბერი, 1918, N59)

არაოფიციალური განყოფილება

როგორც სამხედრო ფრონტებზე და ხალხთა საერთაშორისო ურთიერთობაში ხდება ერთგვარი ცვლილება, ისე მათი შინაური სახელმწიფოებრივი ცხოვრება განიცდის საგრძნობელს და დამაფიქრებელ რყევას და ქანაობას. კიდევ ერთხელ მტკიცდება რა მჭიდრო და ორგანიული კავშირი არსებობს საგარეო და საშინაო ურთიერთობათა შორის.

ამის საუცხოვო მაგალითს წარმოადგენს გერმანიის დღევანდელი მდგომარეობა. ყველაფრიდან აშკარავდება, რომ გერმანიაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა განწყობილება რამდენიმედ იცვლება და ბოლო ეღება მილიტარისტულ წრეების უსაზღვრო ბატონობას საერთაშორისო და შინაურ პოლიტიკაში.

ცხადია, სამხედრო, საგარეო მდგომარეობის გართულების და შინაური ცხოვრების კრიზისის გამო, გერმანიის ხალხი მწვავედ გრძნობს პოლიტიკურ ცვლილებების მოხდენის საჭიროებას, რომ უფრო სასახელოდ გამოეხმაუროს მტერ-მოყვარეს და გაძლიერებული გამოვიდეს თანამედროვე ისტორიულ ქარტეხილებიდან.

როგორც დეპეშები გვაცნობებს, გადადგა სახელმწიფოს კანცლერი ჰერტ ლინგი, რომლის პოლიტიკამ, აშკარაა, ვეღარ დააკმაყოფილა სავსებით რაიხსტაგის საკავშირო საბჭოს უმრავლესობის მოთხოვნილება და ინტერესები. და რადგანაც ეხლა გერმანიის ცხოვრებაში ისეთი ხანა დადგა, როცა ხალხის წარმომადგენლობის – რეიხსტაგის უმრავლესობის და საერთოდ დემოკრატიის წონა და მნიშვნელობა იზრდება, ცხადია, ამ უმრავლესობის დაუკითხავად და ხალხის დებ-სურვილების გაბიაბრუებით სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის გაძღოლა შეუძლებელი ხდება.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ დღევანდლამდე გერმანიაში საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი დაწესებულება – პარლამენტი, რეიხსტაგის სახით არის, მაგრამ პარლამენტარიზმი არ არის. პარლამენტარიზმი იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ძალაუფლება, სამინისტრო ანუ მთავრობა სდგება პარლამენტის უმრავლესობიდან მისი ნდობით არის აღჭურვილი და ემორჩილება პარლამენტის ვოტუმს. ასეთი პარლამენტარული წყობილება გერმანიისთვის აქამდის უცხო ხილი იყო.

საჭირო შეიქნა დიდი განსაცდელის გადატანა და უმაგალითო კრიზისების განცდა, რომ ძველი, არა – პარლამენტარული, მართვა-გამგეობის სისტემის უვარგისობა სათვალდათვალო გამხდარიყო და პარლამენტარული მთავრობის შექმნა დღიურ საჭირბოროტო კითხვად გადაქცეულიყო.

და აი, გერმანიის დღევანდელი მდგომარეობა სწორად ამას გვიჩვენებს. იქ ეხლა უკვე დიდი ფაცი-ფუციაა ახალ პარლამენტარული სამინისტროს შესადგენად. ჯერ ვიცე-კანცლერს ფონ-პეირს მიანდვეს ახალი, უმრავლესობის მომხრეებიდან შემდგარი, კაბინეთის მოწყობა.

მაგრამ, უკანასკნელ დეპეშის ცნობით, ბ. ფონ-პეერს უარი უთქვამს და კაბინეთის შედგენა დაუკისრებიათ პრინც  მ.ქ. ბადენელისთვის, რომელიც ცდილობს შექმნას ისეთი კაბინეთი, სადაც შევლენ პროგრესისტები, ცენტრი და სოციალ-დემოკრატები. სამინისტრო უნდა იყოს პარლამენტარული…. ეჭვს გარეშეა, რომ გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ცვლილება ხდება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მისი მომავალი საერთაშორისო ვითარებისათვის.

ეს ცვლილება ჰმოწმობს დემოკრატიის გაძლიერებას საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში. მაშასადამე ამას უნდა მოჰყვეს სამხედრო რეაქციის შესუსტება, ლიბერალურ-დემოკრატიული მიდრეკილების თანდათანი გაძლიერება და საზავო პოლიტიკის საბოლოვო გამარჯვება.

დღეს თითქმის რეიხსტაგის ყველა ფრაქცია მთავრობის პარლამენტარული შემადგენლობის უკიდურესი დამცველია. თხოულობენ პარლამენტის და მართვა -გამგეობის რეორგანიზაციას…

ზოგი, მაგ. ნაციონალურ-ლიბერალური პარტია თხოულობს პოლიტიკურ და სამხედრო კითხვების მოწესრიგებასთან ერთად პრუსიის საარჩევნო რეფორმასაც. იგი ამასთანავე იცავს ზავს საიმპერიო ტერიტორიის ხელშეუხებლობით და გერმანიის ახალშენების დაბრუნებით. იცავს აგრეთვე ბელგიის დამოუკიდებლობის აღდგენას და მისი ნეიტრალობის უზრუნველყოფას.

პოლიტიკურ საპარლამენტო ცვლილებას გერმანიაში რომ ღრმა მნიშვნელობა და ხასიათი აქვს, ეს სხვათა შორის, იქიდანაც სჩანს, რომ მთავრობაში შევლენ მუშათა პარტიის, სოციალ-დემოკრატიის, წარმომადგენლები, რომლებიც სამინისტროში პასუხსაგებ ადგილებს დაიკავებენ და საპატიოთ შეასრულებენ თავის მოვალეობას. მთავრობა იქნება კოალიციონური.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატია დღეს ერთს მთლიანს პარტიას არ წარმოადგენს. იქ ერთი დიდი პარტიის ადგილას სამი მიმდინარეობა, სამი პარტიაა. ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი სახელმწიფოში და პარლამენტში ჯერჯერობით სოციალ-დემოკრატიის მემარჯვენე ფრთა ოპორტუნისტული პარტიაა, რომელსაც მეთაურობს შეიდმანი.

ჩვენ არ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რა პოზიცია უჭირავს ..[…]… „რადიკალებს“ და „დამოუკიდებლებს“ (კაუცკის მეთაურობით). მაგრამ ვფიქრობთ, გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კოალიციონურ პარლამენტარულ სამინისტროში მარტო შეიდმანის მომხრეები შევლენ.

ყოველ შემთხვევაში ამგვარად შემდგარი პარლამენტარული სამინისტროს შედგენაც დიდი წინსვლა და გამარჯვებაა პროგრესიულ-დემოკრატიული ძალებისა, რომელთა გამოსვლა გერმანიის სახელმწიფოებრივობის და საერთაშორისო მდგომარეობის ნამდვილ ზრდასა და გამტკიცებას შეუწყობს ხელს.

გერმანიის მტრებს, შესაძლებელია ეს ცვლილება სისუსტის ნიშანი ეგონოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, ჩვენი მოკავშირის – გერმანიის ერის და სახელმწიფოებრივობის სიძლიერე, სხვათა შორის, აი, ამ პოლიტიკურ ცვლილებების მოხდენაშიაც სჩანს.

სახელმწიფო, რომელიც ამდენი ხანია საკვირველის ენერგიით იბრძვის თავის მრავალ-რიცხოვან მტრებს და რომელსაც დღეს ბულგარეთის გადადგომის გამო ბრძოლის პირობები თითქოს გაუცუდდა, დღევადელი პოლიტიკური და დემოკრატიული ცვლილებებით თავის შემოქმედებით ძალ-ღონეს გაიასკეცებს და შეკავშირებული და გაერთიანებული უფრო წარმატებით შესძლებს საერთაშორისო სასწორის თავის სასარგებლოდ გადმოხრას.

ეს ცვლილება კიდევ იმის მომასწავებელი იქნება, რომ იმპერიალისტური ციებ-ცხელება განელდება და უფრო გაბედულად გადაიდგება ნაბიჯები საერთაშორისო საპატიო ზავის ჩამოსაგდებად.

ჩვენ ვფიქრობთ, დადგა საუკეთესო ხელსაყრელი მომენტი, როცა საერთაშორისო დემოკრატიამ ხმა უნდა ამოიღოს გამანადგურებელ ომის შესაჩერებლად. დადგა დრო, როცა პროლეტარიატმა ყველგან უნდა მოითხოვოს საშინელი სისხლის ღვრის შეწყვეტა და მოსთხოვოს თავის მთავრობებს დაუყოვნებლივი ზავის სასარგებლოდ ამოქმედება.

მსგავსი/Related

Back to top button