მთავარი / რესპუბლიკა 100 / ძველი ამბები / 1918 ეროვნული საბჭო: კანონპროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ
ქართული უნივერსიტეტი ტფილისში (1918წ. აგვისტოდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ფოტო: City.kvira.ge

1918 ეროვნული საბჭო: კანონპროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

(ერთობა, 29 აგვისტო, 1918, N183)

ეროვნული საბჭოს სხდომა, 27 აგვისტო: კანონ-პროექტი ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ.

მომხსენებელია ლ. ნათაძე [ლეო იასონის ძე ნათაძე], და ნ. ცინცაძე [ნოე ცინცაძე]

ლ. ნათაძე: ქართული უნივერსიტეტი 26 იანვრიდან უკვე მოქმედებს, მხოლოდ ის არის კერძო უნივერსიტეტი, ამიტომ მინისტრი შუამდგომლობს, რომ ეს უნივერსიტეტი ცნობილი იქნას სახელმწიფო უნივერსიტეტად. ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ ერთი ფაკულტეტი – სიბრძნისმეტყველების, მომავალ[ში] სამოსწავლო  და სამკურნალო ფაკულტეტები. აქ წარმოდგენილია კანონ პროექტი ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ, უნივერსიტეტის დროებითი დებულებანი და ხარჯთ-აღრიცხვა.

მომხსენებელი აღნიშნავს, რომ თბილისის უნივერსიტეტი, როგორც სამეცნიერო-სამოსწავლო სფეროს მხრივ, ისე საუნივერსიტეტო მართვა-გამგეობისა და შინაურ მეურნეობის მხრივაც სრულებით ავტონომიურია და ყველა ამ დარგის საქმეებს თვითვე განაგებს. მეთვალყურეობა უნივერსიტეტის მთავარ ორგანოთა მოქმედების, განათლების მინისტრის უფლებას შეადგენს. ეს უნივერსიტეტი იმითაც განირჩევა რუსულ უნივერსიტეტებისაგან, რომ აქ არის შემოღებული მხოლოდ ერთი სამეცნიერო ხარისხი დოქტორისა, ანუ მოძღვართ მოძღვარისა. რუსეთის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხი, ხოლო დასავლეთ ევროპის დოქტორის ხარისხი მოძღვართ-მოძღვრის სამეცნიერო ხარისხს უდრის.

მომხსენებელი კითხულობს თფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებით ძირითად დებულებებს. საბჭომ პირველი 6 მუხლი შეუსწორებლივ უკამათოდ მიიღო. მე-7 მუხლში ნათქვამია: პროფესორები, კერძო დოცენტები, მეცნიერნი ხელმძღვანელნი, ლაბორანტები, ასისტენტები და ლექტორები ლექციებს ქართულათ კითხულობენ, ქართულავე სწარმოებს საქმითი ვარჯიშობაც, ამ მუხლში სოციალ-დემოკრატიულ ფაქციას შემოაქვს შესწორება.

ნ. ცინცაძე – ყველა ახალ უნივერსიტეში ზოგიერთი სამეცნიერო საგანი უცხო ენაზეც იკითხება. შესაძლებელია ჩვენს უნივერსიტეტშიც შეიქნეს საჭირო განსაკუთრებულ შემთხვევაში უცხო ენაზე ლექციების კითხვა (როცა ასეთი ქართულად არ მოხერხდება), ამიტომ ჩვენს ფრაქციას სურს ამ მუხლს გაუკეთოს ასეთი შენიშვნა: პროპესორთა კოლეგიას უფლება აქვს საჭიროების დროს უცხო ენაზედაც აწარმოვოს ლექციების კითხვა

[…] კენჭის-ყრით შენიშვნა მიღებულ იქნა.

ნ. ცინცაძე კითხულობს ხარჯთ-აღრიცხვას და ამბობს, რომ წარმოდგენილი ხარჯთ აღრიცხვა საფინანსო კომისიამ გაადიდა, რადგანაც მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პროფესორი ხელმძღვანელნი თუ უზრუნველყოფილნი იქნენ მატერიალურათ, მაშინ უფრო მეტს გააკეთებენ. საბჭომ ხარჯთაღრიცხვაც დაამტკიცა, ამ წლის ბოლომდე ხარჯი უდრის, 331300 მ.ნ.