ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ოპოზიციას 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვების შანსი არ აქვს“.

28 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა „არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“.

ივლისში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად ისაუბრა იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და სანაცვლოდ, მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. მანვე მიანიშნა, რომ პრეზიდენტად დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ქვეყნისთვის და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს, სამწუხაროდ პარტიებიდან ჩვენ ვერავის ვერ დავუჭერთ მხარს, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი არც არავის არ დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „პოზიცია მარტივია, დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით, მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ქართულ ოცნებას და პარლამენტში ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში“.

27 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება იმ დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობას, ვისაც პარტია მხარს დაუჭერს, 8 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესის დასრულდების შემდეგ დაასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button