skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ლიდერები მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერები – ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ბიბილოვს განუცხადა, რომ მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ იშურებს“.

„სწორედ საქართველოს მშვიდობისკენ იძულებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შემდეგ დაიწყო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ სრულიად ახალ – სტაბილურობის, მშვიდობისა და აყვავების ფორმატში ცხოვრება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

შეხვედრა მოსკოვის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს დაემთხვა.

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა პუტინი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის მოგერიებაში შეტანილი წვლილისთვის“ ორდენით დააჯილდოვა.

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს „ისტორიული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და სოხუმს შორის ბოლო ათი წლის მანძილზე „გაძლიერდა“.

თავის მხრივ, ხაჯიმბამ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას „ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ახდენა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესტუმრა, რომელმაც  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, „უსამართლობა“ და „ოკუპაციაა“.

დღემდე, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button