ახალი ამბები

გერმანიის კანცლერი თბილისში საქართველოს ლიდერებს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 23-24 აგვისტოს თბილისს სტუმრობს. დღეს ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მერკელმა თბილისში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

„მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  გერმანელები შევეცდებით ჩვენი წვლილის შეტანას. გავაკეთებთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მზარდი თანამშრომლობის მაგალითებია.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ გერმანიის „საიმედო პარტნიორია“, მათ შორის, საერთაშორისო სამხედრო მისიებში და რომ ორ ქვეყანას აერთიანებს „საერთო ინტერესი და მისწრაფება“, რომ მაქსიმალურად განავითარონ ახალი და ამავე დროს კიდევ უფრო განამტკიცონ არსებული ურთიერთობები.

„ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე“, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის – გერმანიის მხარდაჭერა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არამხოლოდ ევროპული ქვეყანაა, არამედ ის არის „საკმაოდ დიდი წვლილის შემტანი საერთო ევროპული ცივილიზაციისა და მისი ღირებულებების ფორმირებაში“ და რომ მისი ევროპული მისწრაფება „ცივილიზაციური არჩევანია“.

დღესვე, ანგელა მერკელმა, რომელსაც თან გერმანიის ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ახლავს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და თბილისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ხვალ გერმანიის კანცლერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდება. იგი საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრება და იმ გერმანელ სამხედროებს შეხვდება, რომლებიც სამხედრო სწავლებაში – „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობდნენ.

მერკელი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. 24  და 25 აგვისტოს ის სომხეთს და აზერბაიჯანს ესტუმრება. ტურნემდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მერკელი ბერლინში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვედა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button