skip to content
რესპუბლიკის ამბები

1918: საქართველოში არსდება სახალხო და მოძრავი უნივერსიტეტები

(“ერთობა”, 10 აგვისტო, 1918წ, N168)

კულტურულ-განმანათლებელი მუშაობა

თფილისის მ. და  ჯ. კ. დეპუტატების საბჭოსთან არსებულ კულტურულ-განმანათლებელ კომისიამ დააარსა სახალხო უნივერსიტეტი. პროლეტარიატი სიხარულით შეეგება ამ დღეს.

უნივერსიტეტის ცენტრალურმა განყოფილებამ მოაწყო სისტემატიური მეცადინეობა და ლექციები მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან,როგორიც არის მაგ. პოლიტიკური ეკონიმია, ბუნების მეტყველება, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია, მედიცინა, – ჰიგიენა და სხვ.

სახალხო უნივერსიტეტში დაარსდა სხვადასხვა წრეები, რომლებმაც მიზნად დაისახეს წევრებში თვითმოქმედების განვითარება. მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ მარქსისტული წრის მოღვაწეობა. უნივერსიტეტის ცენტრალურმა განყოფილებამ თფილისშივე დააარსა სხვა განყოფილებაც. განყოფილება დაარსდა ნაძალადევში, სადაც იკითხება ლექციები რუსულ და ქართულ ენებზე.  ამ ბოლო დროს იქ გაიხსნა მუშათა კლუბი; მოეწყო სინემატოგრაფი. ყველა ეს უმთავრესად შედეგია ადგილობრივ კულტურულ-განმანათლებელ კომისიის ენერგიულ მუშაობისა.

ამას გარდა თფილისის უნივერსიტეტის განყოფილება დაარსებულია მუშტაიდში და ავლაბარში.

ამ ჟამად მორიგ მიზანს თფილისის სახალხო უნივერსიტეტისა შეადგენს ვერაზე სახალხო უნივერსიტეტის და მუშათა კლუბის დაარსება. აქ არსებობს ყველა პირობები იმისთვის, რომ კულტურული მუშაობა ნაყოფიერად სწარმოებდეს. ამ საკითხის შესახებ უკვე ჰქონდათ მსჯელობა სახალხი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ადგილობრივ კულტურულ-განმანათლებელ კომისიის წევრებს. გადაწყდა 11 აგვისტოსთვის ვერაზედ საზოგადო კრების მოწვევა, რომელზედაც წაკითხული იქნება მოხსენება: პროლეტარიატს შორის კულტურულ მუშაობის შესახებ. და განხილული იქნება ყველა ის საკითხები, რომელსაც კავშირი აქვთ უნივერსიტეტის დაარსებასთან. ასეთი მიზნის სისრულეში მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ადგილობრივი დემოკრატიული ძალები ამ მხრივ ენერგიულად იმუშავებენ. ამ რიგათ თფილისში პროლეტარიატის ერთი სანატრელი იდეალი – სახალხო განათლება – რეალურ განხორციელებას ჰპოვებს.

თფილისი იქნება სული და გული ამ ახლად დაწყებულ კულტურულ მოძრაობისა. მაგრამ საჭიროა აგრეთვე კულტურულ განმანათებელ მუშაობის პროვინციებში და სოფლებში გადატანა რამდენათაც ეს შესაძლებელი იქნება. საჭიროა სოფლის მუშების კულტურული ამაღლება.

ამ მიზნით განზრახულია საქართველოს ყველა პროვინციალურ ქალაქებში მოძრავი სახალხო უნივერსიტეტების დაარსება. ამისათვის აუცილებელია სამი რამ: 1) მთავრობის მიერ ფინანსიური დახმარების აღმოჩენა, 2) დემოკრატიის თვითმოქმედება, 3) ინტელიგენციის გულმოდგინე მუშაობა ხალხში ცოდნის შესატანად.

ამ რიგად ზემოდ ჩამოთვლილ სამი მიზეზის შეერთება გზას გაუკაფავს ჩვენში სახალხო განათლებას და მთელი ერის აღორძინებას.

ერ. თალაკვაძე

მსგავსი/Related

Back to top button