მთავარი / რესპუბლიკა 100 / ძველი ამბები / 1918: მთავრობა: დემოკრატიისა და ინტერნაციონალიზმის პრინციპი მოითხოვს ქართული იყოს სახელმწიფო ენა

1918: მთავრობა: დემოკრატიისა და ინტერნაციონალიზმის პრინციპი მოითხოვს ქართული იყოს სახელმწიფო ენა

(საქართველოს რესპუბლიკა, 8 აგვისტო 1918, N 12)

არაოფიციალური განყოფილება. თფილისი, 6 აგვისტო

საქართველოს რესპუბლიკის მტრებს ყველაზე დიდ და შეუწყნარებელ ცოდვად მიაჩნიათ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ნაციონალიზაციის პრინციპის გატარება.

მართალია, მრავალ ტეხნიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიზეზის გამო ეს ნაციონალიზაცია ნელა, ფრთხილად და თანდათანობით ხორციელდება საქართველოს სახელმწიფოებრივ ურთიერთობაში. აჩქარებული ნაბიჯი ამ მხრით არსად არ გადადგმულა, ამაზე სულ ტყვილა გოდებენ ადგილდაკარგული რუსის მოხელეები და მათი ლიტერატურული წარმომადგენლები. ცხოვრების, სახელდობრ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მომწიფებული, მოთხოვნილება უნდა დაკმაყოფილდეს და სუყველგან, სადაც აუცილებელია, მოფიქრებულად და გონიერად უნდა გატარდეს ზემოთხსენებული პრინციპი.

მაგრამ გალაღებულ ცხოვრებას მიჩვეულ „ჩინოვნიკებს“ და მათ დორბლ-მორეულ კალმოსნებს ჩვენ სახელმწიფოში ნაციონალიზაციის ტემპი, მისი ნელი, თანდათანი თუ აჩქარებული განხორციელება არ აინტერესებთ. რა გაჩქარებსთო, რომ გვეუბნებიან, ეს სულ სიტყვის მასალა და მიეთ-მოეთობაა.

საქმე იმაშია, რომ მათ სრულიადაც არ უნდათ, რომ რაიმე ნაციონალიზაცია მოხდეს დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი დღესაც პრინციპიალურად ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან დამოუკიდებელ საქართველოს და მისი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას.

ჩვენ ადგილ დაკარგულ მოხელეებისთვის და შემოთესლებულ კონტრ-რევოლიუციონერებისთვის არ გვიკითხავს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. სწორედ მოგახსენოთ, არც ახლა გვაქვს აზრად მათუ შეწუხებული გულის ნადები გავიხადოთ რჩევის საგნად და მოქმედების სახელმძღვანელოდ. მეტად დაინტერესებულია მათი გულისთქმა, მეტად კონტრრევოლიუციური და ანტიდემოკრატიულია მათი ზრახვა და მიდრეკილება, რომ შესაძლებელი იყოს მათ ჭკუაზე სიარული დემოკრატიულ რესპუბლიკის ხელმძღვანელთათვის.

დემოკრატიამ კარგად იცოდა რასაც შვრებოდა, როცა დამოუკიდებლობას აცხადებდა. მან იცოდა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ერთად ერთი დაიცავდა კიდევ რუსეთიდან ლტოლვილ რევოლიუციას და თავისუფლებას.

ამით მშვენივრად სარგებლობენ ყველა მტრული მიმართულების წარმომადგენლები, მაგრამ რადგანაც ეს თავისუფლება საქართველოს ნიადაგზეა გამეფებული, საქართველოს მებრძოლი დემოკრატიისაგან არის უზრუნველყოფილი, მათი ბუნება ვერ იტანს ამ გარემოებას და უტიფრად, ურცხვად გაიძახიან – აქ არ ვარგა, სხვაგან ჯობიაო.

თუ სხვაგან ჯობია, წაბრძანდნენ.

ჩვენ ენა არ მოგვიბრუნდება ჩვენს რესპუბლიკაში დარჩენა ვთხოვოთ იმათ, ვისაც ამ რესპუბლიკის მტრობისაგან ღამე ძილი არა აქვს და დღისით მოსვენება.

ნაციონალიზაციის პრინციპიალური მოწინააღმდეგენი იმ აზრისა არიან, რომ საქართველოში დღესაც სახელმწიფოებრივ დაწესებულებაში რუსული ენა ბატონობდეს. ენის უპირატესობით სურთ შეინარჩუნონ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი უპირატესობა. და აი ამ წმინდა ჩინოვნიკურ მისწრაფებას ისინი ახვევენ დემოკრატიზმის და ინტერნაციონალიზმის სამოსელში და ქვეყანა უნდათ დაარწმუნონ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ვითომ გადალახა დემოკრატიის საზღვრები.

რუსული ენის ბატონობა თავისთავად სრულიადაც არ არის დემოკრატიზმის მაჩვენებელი. ასე რომ იყოს ძველი თვითმპყრობელური რუსეთი იქნებოდა ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან იქ ბატონობდა რუსული სახელმწიფოებრივი ენა, ბატონობდა იქაც, სადაც ხალხს ამ ენისა არა გაეგებოდა რა, სადაც ერი და დემოკრატია ასეთ ძალმომრეობას ებრძოდა.

რუსული ენის ბატონობა დემოკრატიულია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი ლაპარაკობს ამ ენაზე, ე.ი. რუსეთში, ხოლო ჩვენში, სადაც ხალხის დიდი უმეტესობა სხვა ენის და სხვა და სხვა კულტურის არის, რუსული ენის ბატონობა, მისი ხმარების გამტკიცება ადმინისტრატიულ-პოლიტიკურ დაწესებულებებში, მისთვის სახელმწიფოებრივი ატრიბუტების შენარჩუნება იქნებოდა დემოკრატიის სიკვდილი და დასამარება, კულტურის და ინტერნაციონალიზმის ღალატი და რუსული ნაციონალიზმის ბრძანებლობის გაგრძელება. რაც უმთავრესია, ეს იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრივობის შელახვა და გაუქმება.

სწორედ ეს უნდათ რუს-სომეხ ნაციონალისტებს და ამიტომ იბრძვიან მათი პრესის წარმომადგენლები საქართველოს რესპუბლიკაში რუსული ენის უპირატესობის შესანარჩუნებლად მრავალ სახელმწიფო დაწესებულებათათვის. მათი „დემოკრატიზმი“ ისევე როგორც მათი „ინტერნაციონალიზმი“ ჩინოვნიკურ-მოსამსახურული ჩივილია. პირწავარდნილი დიდპყრობელური ნაციონალიზმია. რუსული „სოციალ-დემოკრატიაც“ კი ვერ გრძნობს, რომ ის სწორედ ამ ნაციონალიზმის ანკესზეა წამოგებული!

ენათა დევნა საერთოდ და კერძოდ რუსულის დაჩაგვრა და უპატივცემულობა ჩვენგან არასდროს არ წარმოსდგება, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. ეს ერთი და მეორე ის, რომ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის ფხიზელი და თავდადებული დარაჯია საქართველოს გაწვრთნილი და ბრძოლაში გამობრძმედილი დემოკრატია, რომელიც ბაირახტარია თავისუფლების და სამართლიანობისა.

მაგრამ ვინც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივობის ნიადაგანზე სდგას მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ მისი სახელმწიფოებრივი ენა არის და იქნება ქართული.

ხოლო ვისაც ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკა და მისი მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ სწამს, მას ნაციონალიზაციაზე მსჯელობის ნაცვლად დარჩენია შემდეგი პატიოსნური გამოსავალი: ან სრულებით არ ჩაერიოს ჩვენს შინაურ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, თავი დაანებოს ურცხვს და არა რეალურ გამოსვლებს, ან წავიდეს, გაშორდეს რესპუბლიკას და მის დემოკრატიულ დაწესებულებებს.  რესპუბლიკის სახელით se soumettre ou se démettre!