რესპუბლიკის ამბები

1918: ლტოლვილთა შესახებ

(საქართველოს რესპუბლიკა – 28 ივლისი, 1918, N4) ბაკურიანიდან ჩამოვიდნენ ლტოლვილთა ინტერნაციონალურ კომიტეტის თავმჯდომარე ექიმი დ. ჟორდანია და კომიტეტის წევრი მღ. ე. ჯობავა. მათი ჩამოსვლის მიზანია მოახსენონ მთავრობას ლტოლვილთა საქმის მდგომარეობა და გამოარკვიონ ზოგიერთი საყურადღებო საკითხი ლტოლვილთა კომიტეტების მოღვაწეობის შესახებ.

ლტოლვილთა მდგომარეობა ჩამოსულების განცხადებით საშინელია. მძვინვარებს წარმოუდგენელი სიმშილი და მრავალი გადამდები ავადმყოფობა. სხვათა შორის ლტოლვილთ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მუსრს ავლებს სახადი – ტიფი სამივე სახისა. საავადმყოფო ვეღარსად იტევს ტიფიანებს და კერძო ოჯახებში ათავსებენ მათ. ავად გახდა ტიფით ექიმები იოსელიანი და ამირაჯიბი. ბაკურიანის რაიონში ყოველ დღე კვდებიან 10-15 კაცამდე, უფრო იხოცებიან ბავშვები და მოხუცნი. ქართველებში უფრო იღუპებიან მესხნი.

საჭიროა დაუყოვნებლივ ზომების მიღება, თუ ის არ გვინდა, რომ ლტოლვილები არ დაიღუპონ და შემდეგ საშინელი უბედურება მოედვას მთელ საქართველოს. საჭიროა ძლიერი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ორგანო ლტოლვილთა საქმის მოსაგვარებლად. კომიტეტები თანხობით არ მოქმედებენ. ბრალი ედებათ სომხის ნაციონალისტებს, საჭიროა ამათაც მიექცეს ყურადღება.

მსგავსი/Related

Back to top button