Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში

ნატოს 29 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა 11 ივლისს ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს, სადაც კიდევ ერთხელ იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო MAP-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“.

მოკავშირეები აღიარებენ „რეფორმების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავ უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წევრობისკენ მომზადების გზაზე და რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობებს“.

დეკლარაცია ხაზს უსმავს, რომ „საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“ და რომ ალიანსი მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა, მათ შორის, კონტრმობილურობის, წვრთნებისა და მომზადების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროებში.

„ეს ძალისხმევა, მათ შორის საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, აჩვენებს საქართველოს მზადყოფნას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, ნატოს ლიდერები „დიდად აფასებენ საქართველოს მნიშვნელოვან და მტკიცე წვლილს“ ნატოს რეაგირების ძალებსა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

ნატოს ლიდერები მოუწოდებენ მოსკოვს, რომ გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს. კერძოდ კი „გამოიყვანოს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის მაგვარი დაბრკოლებების აღმართვა შეწყვიტოს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 12 ივლისს, ნატოს ლიდერებისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ, ცალკე ნატო-საქართველოს დეკლარაცია გამოქვეყნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button