skip to content
ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი გმობს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმას

14 ნოემბერს, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის გეგმა ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა განიხილონ. მინისტრები გაცვლიან  მოსაზრებებს სწრაფი განლაგების შესაძლებლობის შესახებ და მიიღებენ ინფორმაციას საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მიმდინარე პროცესის შესახებ. საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგშია ასევე ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან არაფორმალური საუზმის გამართვა.

აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს“.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმას აჩვენებს, თუ რამდენად უნდა რუსეთს უკრაინაში საკუთარ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს“. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსები იძულებულნი გახდნენ „თავდაცვაზე გადასულიყვნენ, რადგან უკრაინელებმა წარმატებით შეუტიეს ყირიმში საზღვაო ობიექტებს“ და დასძინა, რომ „ამიტომ, რუსეთი ალტერნატივებს ეძებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button