ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში 18 მარტს საქართველოს სტუმრობს.

ალიანსის გენერალური მდივანი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.  ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას „საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა: „მოხარული ვარ, თბილისში საქართველოს კარგ მეგობარს, იენს სტოლტენბერგს ვუმასპინძლო. როგორც ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება, როგორც ნატოს საიმედო და ქმედუნარიანმა პარტნიორმა, რომელიც აძლიერებს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მადლობელი ვართ გენერალური მდივნის პირადი მხარდაჭერისა და თავდადებისთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის საქმეში“.

ერთობლივი პრესკონფერენცია

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსა და მისი მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. „ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა მან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ნატოს მადლობა გადაუხადა.

„საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ნატოს ეგიდით გამართულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „წლების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“.

კობახიძის თქმით, ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია და „ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა,რომ ეს „არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება“.

„საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა: „დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ“. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი“, – დასძინა მან.

გენერალურმა მდივანმა დაგმო საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტი და მას „აბსოლუტურად უკანონო“ უწოდა. „რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო“.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საქართველოს უსაფრთხოების კუთხით რთული გამოწვევების წინაშეა“ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აწარმოებს „იმპერიალისტურ მისწრაფებებს“, ხოლო უკრაინა რთულ სიტუაციაში იმყოფება. „ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო უკრაინელ ლტოლვილებს მასპინძლობს და მათ ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მათ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს, რაც, მისი თქმით, აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ომმა რისკების წინაშე დააყენა შავ ზღვაზე ხომალდების ნავიგაცია და გლობალურად საფრთხე შეუქმნა სურსათის მიწოდების ჯაჭვს. თუმცა, ჩვენი მხარდაჭერით უკრაინამ საპასუხო მოქმედებები განახორციელა და დააზიანა რუსეთის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვაზე. ამ წარმატებამ უკრაინას მისცა იმის საშუალება, რომ განეახლებინა ხორბლის მიწოდება, რაც ამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და სურსათის გლობალური უსაფრთხოებისთვის“.

„ნატო-საქართველოს პარტნიორობა უკვე ძლიერია და დღეს განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება მისი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და მიესალმა წინსვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ტექნოლოგიები.

„ნატო თქვენ გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ გვერდით დგომას ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: „რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დაგჭირდებათ ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის“.  

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით“, დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს“.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ბიჭვინთის აგარაკების, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სოხუმის აეროპორტის საკითხზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button