skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობაზე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, იგი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს. კობახიძემ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

 20 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

ბორელმა კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია“. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჯოზეფ ბორელთან ბრიუსელში. მივესალმები მის პირად თავდადებას და მისი გუნდის მხარდაჭერას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის განვითარების საქმეში. ხაზი გაესვა შავი ზღვის მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების ზღვად გადაქცევის მნიშვნელობას“, – დაწერა კობახიძემ ტვიტერზე.

შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა, რომ შეხვედრაზე რეფორმებსა და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. მისი თქმით, მან კობახიძეს ცხრა ნაბიჯის განხორციელებისკენ მოუწოდა.

შეხვედრა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს და გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში. ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ პოტენციალს გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე და მის როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში“, – დაწერა კობახიძემ ტვიტერზე.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში. კარგია საქართველოს მტკიცე ერთგულების ხილვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს“, – დაწერა ევროკომისარმა ვარჰელიმ ტვიტერზე.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა.

მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა ეუთო/ოდირს არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 

„სასარგებლო მოლაპარაკებები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ. ვაფასებთ შარლ მიშელის მხარდაჭერას საქართველოსადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვემზადებით შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის – ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისთვის! საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში!“ – დაწერა პრემიერმა კობახიძემ ტვიტერზე.

შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ასევე ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლა მიულოცა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოს შესრულების შემდეგ ეტაპზე და ახლა მთავარი რეფორმების შესრულებაა.

შეხვედრა კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე.

ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს. მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი კობახიძეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა იანეზ ლენარჩიჩთან ბრიუსელში, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

იანეზ ლენარჩიჩმა ასევე დაწერა ტვიტერზე შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია.

 შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან

21 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

„საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რეალურ პროგრესს აღწევს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის კუთხით, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს!“ – დაწერა კობახიძემ ტვიტერზე.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. საჭირო რეფორმების განხორციელება გადამწყვეტი იქნება, რადგან საქართველო ევროპულ გზას ადგას“, – დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ტვიტერზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button