ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი ნატოს ბრიუსელის სამიტს დაესწრება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ 5 ივლისს განაცხადა.

ფხალაძემ განმარტა, რომ ნატოს სამიტისათვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო „ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა“.

„პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე“, – განაცხადა ფხალაძემ.

ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის თანახმად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს 12 ივლისს შეხვდება, რასაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა, ასევე საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფო მეთაურების დონეზე ერთობლივი განცხადება მოყვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button