პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 21 თებერვალს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრების დაწყებამდე კობახიძემ და სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
განცხადებები პრესისთვის
„საქართველო ნატოს ახლო პარტნიორია“, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და დასძინა, რომ „რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია“.
გენერალურმა მდივანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზეც ისაუბრა. „ნატო კვლავაც უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა მან და ნატოს მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი „მილიარდობით დოლარის ღირებულების“ სამხედრო დახმარების პაკეტზე გაამახვილა ყურადღება. შემდეგ მან ხაზი გაუსვა ნატოს პარტნიორების როლს ამ კუთხით, და საქართველოს შესახებ განაცხადა: „მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებ, რაც, მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მან ხაზი გაუსვა „ნავიგაციის თავისუფლების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან რისკებს“, რასაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ქმნის, და დასძინა, რომ ეს ასევე გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. ამიტომ, იგი მიესალმა „მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც შავი ზღვის განაღმვაზე მუშაობენ, რათა ის ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის უფრო უსაფრთხო გახადონ“.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ნატო-საქართველოს პარტნიორობას და მისი განვითარების გზებს. ამასთან დაკავშირებით, იგი მიესალმა მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პარტნიორობა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ტექნოლოგიები და უსაფრთხო კომუნიკაციები.
სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და შემდგომი რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს და გააძლიეროს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები“, – თქვა მან და დასძინა: „გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას“, – განაცხადა კობახიძემ.
„წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით“, – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა“.
კობახიძის და სტოლტენბერგის შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
„შესანიშნავი დისკუსია მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესით, მტკიცე ერთგულებითა და წვლილით ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ჩვენ ველით კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს საქართველოს ნატოში მისაღებად“, – დაწერა კობახიძემ ტვიტერზე.
Great discussion with @jensstoltenberg, NATO Secretary General, on NATO-Georgia partnership and ??'s integration journey. With ??'s significant progress, steadfast commitment & contributions to Euro-Atlantic security, we expect concrete political steps to welcome ?? into NATO. pic.twitter.com/iXRHgA7igi
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 21, 2024
„საქართველო ღირებული პარტნიორია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ასევე იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის გზაზე“, – დაწერა სტოლტენბერგმა ტვიტერზე.
Glad to welcome @PM_Kobakhidze to #NATO. Georgia is a valued partner and we fully support its sovereignty & territorial integrity. I welcome #Georgia’s support to Ukraine. I also count on Tbilisi to step up reforms on the path toward full membership in the Euro-Atlantic family. pic.twitter.com/HNXIDbsSzq
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 21, 2024
ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ „წლების განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობდით ნატოსთან სხვადასხვა სფეროში და ახლა დროა, ეს მიღწევები ხელშესახებ შედეგებად იქცეს“.
Honored to participate in the NATO-Georgia Commission and voice ??'s steadfast determination on the path toward NATO membership. Over the years, we have successfully cooperated with NATO in various areas, and it is now time for these achievements to translate into tangible… pic.twitter.com/HbTkAMUZlh
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 21, 2024
ნატო-საქართველოს კომისია 2008 წლის სექტემბერში დაარსდა. იგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშემწყობ პოლიტიკური კონსულტაციებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორუმს წარმოადგენს. ნატო-საქართველოს კომისიის მიზანია ნატო-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება ყველა შესაბამის დონეზე. კომისია ასევე ზედამხედველობას უწევს 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებულ პროცესს, როდესაც ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/02/2024 – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება
- 20/02/2024 – ჯოზეფ ბორელი საქართველოს: რეფორმების განხორციელების ტემპი უნდა გაზარდოთ
- 20/02/2024 – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)