ახალი ამბები

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2023 წლის ანგარიშში

14 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „ადაპტაცია კრიტიკულ დროს“. საქართველო ანგარიშის რამდენიმე ნაწილშია ნახსენები და მათ შორისაა პარტნიორების წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ალიანსის ძალისხმევა, კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ორმხრივი და რეგიონალური პარტნიორობა, ნატოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში და ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანის უსაფრთხოება.

ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ალიანსის მუშაობა და მიღწევები 2023 წელს. დოკუმენტში მთავარი ადგილი უკავია უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ასევე ახლო აღმოსავლეთში ომს და „მეტ კონკურენციას ავტორიტარული სახელმწიფოების, მათ შორის ჩინეთის მხრიდან“. დოკუმენტი ასახავს ალიანსის თავდაცვისა და მზადყოფნის გასაძლიერებლად გატარებულ ზომებს. იგი მიესალმება ფინეთის გაწევრიანებას ალიანსში, ვილნიუსის სამიტის შედეგებს, „სადაც ალიანსმა გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა და უკრაინა ნატოს დაუახლოვა“, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას უსვამს ხაზს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო, რომელიც „ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია“, „მნიშვნელოვნად დაზარალდა“ უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული ვითარების გამო, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა გამოიწვია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც „საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტია“, კიდევ უფრო გაფართოვდა 2023 წელს, მადრიდის 2022 წლის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რაც საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

არსებული პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრებმა თებერვალში მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია სასწავლო ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე.

რაც შეეხება ალიანსის თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას, გენერალური მდივნის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის უფრო აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ და რომ ალიანსმა გააფართოვა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტები საქართველოსთვის და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, რითიც პარტნიორებს „რუსული მავნე ჩარევის“ წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებაში დაეხმარება.  

ანგარიშის ქვეთავში ღია კარის პოლიტიკაზე ნათქვამია, რომ ეს პოლიტიკა ისტორიული წარმატებაა. გენერალური მდივანი ამ კონტექსტში ფინეთის გაწევრიანებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ნატოს ბოლო სამიტზე ვილნიუსში „მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი გაწევრიანების გზაზე“. რაც შეეხება საქართველოს ანგარიშში ნათქვამია: „ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ ასევე დაადასტურა, რომ მოკავშირეები კვლავაც ერთგულნი რჩებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ“. გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ამჯერად არ არის ნახსენები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო საბოლოოდ გახდება ნატოს წევრი.

რაც შეეხება ახალ ქვეთავს სახელწოდებით ნატოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რაც ნატო აგრძელებს „აქტიურ ჩართულობას“ სამი ქვეყნის მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მეშვეობით. „ნატომ გამოხატა მხარდაჭერა ამ სამი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“.

ორმხრივ და რეგიონულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები აქტიურად არიან ჩართული 17 პარტნიორ ქვეყანასთან ევროატლანტიკურ სივრცეში და აქედან ორ პარტნიორთან, კერძოდ საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობისთვის, ალიანსმა „სპეციალური სტრუქტურები“ შეიმუშავა.

რაც შეეხება ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას, ანგარიშში საუბარია საქართველოსთვის ურთიერთშეფასების პროცესის დაწყებაზე, მას შემდეგ რაც მან 2022 წელს თვითშეფასების კითხვარი წარადგინა.

რაც შეეხება ალიანსის საქმიანობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, და ადამიანის უსაფრთხოების დღის წესრიგზე, გენერალური მდივანი აღნიშნავს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში 2023 წელს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button